ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ეხმაურება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას და მას "უკიდურესად შემაშფოთებელს" უწოდებს.
TDI-ს ცნობით, 20 დეკემბერს, მიტროპოლიტმა იოანემ, ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. მან ებრაელებს უწოდა "ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა".
მათივე აღნიშვნით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს აქამდე საჯაროდ არ დაუგმია საეკლესიო ანტისემიტიზმის გამოვლენის ფაქტი.
"ამგვარი სიტყვებით მოხსენიება ებრაელი ხალხის დემონიზაციაა და იმეორებს საშიშ სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება. [...]
საქართველოში მართლმადიდებელი მაღალი იერარქიის წარმომადგენელი სასულიერო პირების მხრიდან იუდაური რელიგიისადმი შეუწყნარებლობის გამოვლენა, იმ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის უგულებელყოფაცაა, რომელიც ებრაელებსა და ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
იოანე გამრეკელმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ "ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". მან პარალელი გაავლო ებრაელებს, "ურწმუნო მოდგმასა" და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. შემაშფოთებელია ამ კონტექსტში უფლებადამცველების "ეკლესიასთან მებრძოლებად" მოხსენიებაც.
TDI-ს ცნობითვე, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის აღნიშნული ქადაგება არ არის მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან ანტისემიტიზმის საჯარო გამოვლენის პირველი ფაქტი. მათი ინფორმაციით, 2013 წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მართლმადიდებელი სასულიერო პირები მონაწილეობდნენ რელიგიური შუღლის გაღვივებისა და ანტისემიტიზმის გამოვლენაში. კერძოდ, სადღესასწაულო შეკრებისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და ისრაელის ელჩი ესწრებოდნენ, დეკანოზი დავით ისაკაძე შეურაცხყოფდა ებრაელ ხალხს, იუდაურ რელიგიას და აცხადებდა, რომ ხანუქას აღნიშვნა მათთვის, როგორც ქართველი მართლმადიდებლებისთვის, მიუღებელია. საპატრიარქოს მართლმადიდებელი მღვდლების ანტისემიტური მოწოდებები არც მაშინ დაუგმია.