logo
ENG



ადვოკატი: მელაშვილს ციხეში უფლება არ მისცეს, ჩემთვის გადმოეცა საქმის წერილობითი ანალიზი

28 დეკ 202017:42
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/28/4eiua0wzp5lc4t6.jpg

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი Facebook-ზე წერს, რომ N8 დაწესებულების ადმინისტრაციამ მელაშვილს არ მისცა უფლება, რომ ადვოკატისთვის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული ანალიზი გადაეცა.

მარიკაშვილის თქმით, ამით დაცვის უფლება "უხეშად დაირღვა"

"N8 დაწესებულების ნაწილის ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს არ მისცა უფლება ჩემთვის, ადვოკატისთვის გადმოეცა საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული წერილობითი ანალიზი, რითაც უხეშად დაარღვია დაცვის უფლება.

ეს მაშინ, როდესაც პროკურატურა მასალებს არ გვაძლევს სრულად, ბრალდებულთან შეხვედრა ბარიერების მიღმა ხდება, ხოლო ადმინისტრაცია უკვე საქმეზე ბრალდებულის წერილობით მოსაზრებების ადვოკატისთვის გადაცემას ბლოკავს",-წერს ედუარდ მარიკაშვილი.

რა ეტაპზეა კარტოგრაფების საქმე?

რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება.

მათი, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება ასევე არის ოპოზიციის მოთხოვნა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე.  

დაკავებულებს დეკემბერში სასამართლომ უარი უთხრა  აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. 


close დახურვა