logo
ENG



გახარია: გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ - არა

29 დეკ 202012:06
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მისთვის მთავარი ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაა და არა ის, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში. ამით მან 29 დეკემბრის ბრიფინგზე ჟურნალისტს უპასუხა კითხვაზე, რა გააკეთა პრემიერმა პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად. გახარიამ უპასუხა, რომ "გაივლის დრო და ეს არავის ემახსოვრება". 

"მერწმუნეთ, ადამიანურად მართლა ვთვლი, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი, ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის მოკლევადიანი, მიმდინარე.

ვერც დავარქმევდი ამას კრიზისს, პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში ვითარდება. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება.

მერწმუნეთ, გაივლის დრო, არავის არ ემახსოვრება ის, რასაც თქვენ ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით, უფრო მეტიც, არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ თქვა უარი შესვლაზე. ყველას ემახსოვრება ერთადერთი: როგორ გაუმკლავდა ქვეყანა ეპიდემიასა და ეკონომიკურ კრიზისს", — განაცხადა გახარიამ.

მე-10 მოწვევის პარლამენტს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციის მოთხოვნებს შორის არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტიკური პატიმრების გათაგისუფლება, ასევე, საარჩევნო სისტემის რეფორმა. 

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, დასავლელი ელჩების ფასილიტაციით, მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა, თუმცა, უშედეგოდ. ხელისუფლება ჯერჯერობით მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმას თნხმდება

მანამდე კი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საპარლამენტო მუშაობაში მხოლოდ ერთი პარტია, ქართული ოცნება მონაწილეობს. მათ უკვე დაამტკიცეს მთავრობა. 

 


close დახურვა