logo
ENG



საქართველოს ელჩი ისრაელში: მიტროპოლიტ იოანეს ანტისემიტური განცხადება არ გაუკეთებია

29 დეკ 202016:38
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/29/yqt3tlc9as8308n.jpg

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ამტკიცებს, რომ ქუთათელ მიტროპოლიტს, იოანე გამრეკელს ანტისემიტური განცხადება არ გაუკეთებია. 

საქმე ეპისკოპოსის 20 დეკემბრის ქადაგებას ეხება, როცა მღვდელმთავარმა ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. მან ებრაელებს უწოდა "ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა".

ლაშა ჟვანია ამტკიცებს, რომ "მეუფე იოანე მეოთხე საუკუნეში მომხდარ კონკრეტულ არასასიამოვნო ფაქტზე".

მისი თქმით, ეპისკოპოსი "ციტირებას უკეთებს წმინდა ამბროსი მედიოლანელის 1600 წლის წინანდელ დიალოგს მეფესთან. შემდეგ კი სახარებიდან მათ მიმართ, ვინც ეკლესიას ცილს წამებს, მოჰყავს მაცხოვრის სიტყვები “ურწმუნო მოდგმის” ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და დასძენს, რომ ეს ფრაზა არ შეიძლება ეთნიკური საზომით გავზომოთ და რომელიმე ერს მივუსადაგოთ, არამედ განზოგადებულია კაცობრიობის ურწმუნო მოდგმაზე. (წაიკითხონ მარკოზის სახარება)".

საქართველოს ელჩი ისრაელში მადლობას უხდის იოანე გამრეკელს

"ებრაელების და სხვა ერების სიყვარული და პატივისცემა ოჯახიდან თუ მომდიოდა, მეუფე იოანემ გამიძლიერა თავისი დიდი დიდსულოვნებით და კაცთმოყვარეობით. ვისაც კითხვა გაუჩნდება, ყურადღებით მოისმინოს მეუფის 20 დეკემბრის ქადაგება". - წერს ჟვანია. 

ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI)  იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა.

"ამგვარი სიტყვებით მოხსენიება ებრაელი ხალხის დემონიზაციაა და იმეორებს საშიშ სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება. [...] - აღნიშნავს ორგანიზაცია და დასძენს, რომ ეპისკოპოს იოანე გამრეკელის ეს ქადაგება არ არის მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან ანტისემიტიზმის საჯარო გამოვლენის პირველი ფაქტი.

TDI იხსენებს, რომ 2013 წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მართლმადიდებელი სასულიერო პირები მონაწილეობდნენ რელიგიური შუღლის გაღვივებისა და ანტისემიტიზმის გამოვლენაში. კერძოდ, სადღესასწაულო შეკრებისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და ისრაელის ელჩი ესწრებოდნენ, დეკანოზი დავით ისაკაძე შეურაცხყოფდა ებრაელ ხალხს, იუდაურ რელიგიას და აცხადებდა, რომ ხანუქას აღნიშვნა მათთვის, როგორც ქართველი მართლმადიდებლებისთვის, მიუღებელია. საპატრიარქოს მართლმადიდებელი მღვდლების ანტისემიტური მოწოდებები არც მაშინ დაუგმია. 


close დახურვა