logo
ENG



კომუნიკაციების კომისიამ ჩცდ-ს დღის ეთერში გაშვების გამო ფორმულა დააჯარიმა

31 დეკ 202014:00
3 წუთის საკითხავი
clock 4245

კომუნიკაციების კომისიამ ჩემი ცოლის დაქალაქების დღის ეთერში გაშვების გამო ფორმულა დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა უცნობია. კომისიას საჩივრით ფიზიკურმა პირმა მიმართა, რომელიც, ფორმულას ინფორმაციით, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთანაა ასოცირებული.

კომისიის თქმით, ტელეკომპანიამ მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია - სერიალში შეურაცხმყოფელი ლექსიკაა გამოყენებული და დღის ეთერში გავიდა, გარდა ამისა, მათივე თქმით, სერიალს არ აქვს ასაკობრივი ნიშანდება.

"ფორმულას მიერ დარღვეულია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის ორი მუხლი - არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების კანონმდებლობით აკრძალულ დროს განთავსება და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება", - თქვა სხდომაზე კომისიის წევრმა.

კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის თქმით, ჯარიმაზე მსუბუქი სანქციის გამოყენება არ შეუძლიათ, რაც შეეხება ჯარიმას, ის მინიმალური იქნება.

საჩივრის ავტორს გიორგი ყიფიანს საფუძვლად მოჰყავს ახლადამოქმედებული "ბავშვის უფლებათა კოდექსი" და ამტკიცებს, რომ "ჩცდ-ს თითქმის ყველა სერია შეიცავს შეურაცმყოფელ ლექსიკასა და გინებას". 

ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ ამ კანონის სრულად ამოქმედებით მედიის ცენზურა დაიწყება და შესაძლოა, ჩცდ-ს შემდეგ სხვა კონტენტიც შეზღუდონ. 

"ერთის მხრივ, ეს წარმოადგენს პრობლემას შინაარსის მიმართულებით, იმიტომ რომ ესაა მაუწყებლის კონტენტში ჩარევის მცდელობა, მეორეს მხრივ ამას გარკვეული ფინანსური ზეწოლაც მოყვება", - ამბობს ზუკა გუმბარიძე.

მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, კომისიას მიეცა ბერკეტი, ტელევიზიას ლიცენზია შეუჩეროს, თუ მაუწყებელი არ აღმოფხვრის იმას, რასაც კომისია დარღვევად მიიჩნევს ან ჯარიმას არ გადაიხდის.


close დახურვა