logo
ENG



42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მოუწოდებს რუსეთს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დატოვოს

14 აგვ 202220:43
3 წუთის საკითხავი
clock 1090
2022/08/14/jo5yfzcujs8zpdu.jpg

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მოუწოდებს რუსეთს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროები გაიყვანოს.

ქვეყნები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ბირთვულ ობიექტზე რუსი სამხედროებისა და შეიარაღების განლაგება მიუღებელია და უგულებელყოფს უსაფრთხოების პრინციპებს.

მათივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ძალების ყოფნა აფერხებს ოპერატორს და უკრაინის ხელისუფლებას, შეასრულოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ვალდებულებები საერთაშორისო კონვენციებისა და IAEA-ს (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს) უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და ხელს უშლის IAEA-ს, გამოიყენოს მანდატი.

ქვეყნები აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში არის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების უხეში დარღვევა.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გამოყენებას უკრაინაში მისი უკანონო ქმედებების გასამართლებლად.

საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს აგრესიისთვის პასუხს აგებინებს და რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში მის უკანონო ქმედებებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები.

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებს შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დაენაღმა.

6 აგვისტოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.

ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.


close დახურვა