logo
ENG



"პატრიოტების" სიის 3 წევრი პარლამენტში შედის - ზილფიმიანმა, მიქაძემ, ინჯიამ ცესკოს მიმართეს

04 იან 202119:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/04/ar3nagpduf4h87t.jpg

პატრიოტთა ალიანსის სიის სამი წევრი ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე და დავით ზილფიმიანი პარლამენტში შედიან. მათ უკვე მიმართეს ცესკო-ს ადგილმონაცვლეობის შესახებ. განცხადებები უკვე გატარებულია რეგისტრაციაში. ინფორმაცია "ფორმულას" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაუდასტურეს. 

"ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა ცესკოს მიმართეს თანხმობით, რომ იქნებიან პარლამენტში ადგილმონაცვლეები. პროცედურულად, ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით დგინდება მათი ადგილმონაცვლეობა და ეგზავნება პარლამენტს", - აცხადებენ ცესკო-ში. 

პატრიოტთა ალიანსმა საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მანდატის შეწყვეტის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მიმართა. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიაზე დღეს, 4 იანვარს მიიღეს. რაც შეეხება მეოთხე მანდატს, პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე აცხადებს, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს. მისი თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტია, როდის შევა პარლამენტში. ინაშვილის თქმით, ავთანდილ ენუქიძე პარტიის შემომწირველია და ის თავის ქმედებაში თავისუფალია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიიდან მათი ნომრების ჩახსნის თაობაზე ცესკოსთვის არ ჰქონდათ მიმართული სწორედ გელა მიქაძეს, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანს. სწორედ მათ შეეძლოთ, ადგილმონაცვლეობის პრინციპით ესარგებლათ და საკანონმდებლო ორგანოში ინაშვილის, თევდორაძისა და ლომიას ადგილი დაეკავებინათ.

ირმა ინაშვილი აცხადებს, პარტიის დამფინანსებლების პარლამენტში შესვლას საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მისცემს. ინაშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის ბიზნეს შემადგენლობის წარმომადგენლებიდან მხოლოდ ფრიდონ ინჯიაა პარტიის წევრი და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ინჯია დატოვებს ალიანსს.

31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით პარლამენტში მოხვედრილი 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან მანდატზე ოფიციალურად უარი ამ დროისთვის 54-მა თქვა.


close დახურვა