logo
ENG



ვაჩეიშვილი: იტალიელი ექსპერტის დასკვნით, გელათის რესტავრაციისას მძიმე შეცდომებია დაშვებული

09 იან 202114:14
3 წუთის საკითხავი
clock 2348

ხელოვნებათმცოდნე, კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ იტალიელი რესტავრატორისგან მიიღო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს". 

ნიკა ვაჩეიშვილმა გაასაჯაროვა მისგან მიღებული წერილის ნაწილი, რომელშიც ნათქვამია: 

"... ყველა სპეციალისტის აზრით,მთავარი დეფექტი/ნაკლი არის კრამიტის დამაგრება პირდაპირ ხსნარიან ზედაპირზე, რადგან მათი პირდაპირი კონტაქტი წარმოქმნის ზედაპირსა და კერამიკას შორის კონდენსატს (წყლის წვეთებს), რომელიც ვეღარ ორთქლდება და შიგნით რჩება. თბილი კლიმატის მქონე ტერიტორიებზე, როგორიცაა სიცილია ან სხვა ხმელთაშუა ზღვის ზონები, ამ ტიპის გადახურვას სერიოზული დაზიანება არ ემართება. მაგრამ იმ რეგიონებში, სადაც ტემპერატურა 0-ს ქვემოთ ეცემა (როგორიც საქართველოა) კონდენსატი იყინება და წარმოქმნის ბზარებს კრამიტზე, რის შედეგადაც დაზიანებულ მონაკვეთებში შედის წყალი". 

რამდენიმე თვის წინ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავს. 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ ფორმულას უთხრა, რომ არც ერთი მეთოდოლოგიური ხარვეზი, რომელსაც სააგენტოს ედავებიან, უწყებას დასაბუთებულად არ მოუსმენია. 

"ვერც ერთი მეთოდოლოგიური ხარვეზი, რომელსაც ღვთისმშობლის შობის ტაძრის რეაბილიტაციასთან მიმართებაში ჩვენ გვედავებიან, დასაბუთებულად არ მოგვისმენია. საერთაშორისო იკომოსთან ერთად საქართველოს იკომოსიც ამ პროექტს იცნობს. ჩვენ მივიღეთ მათგან სათნადო რეკომენდაციები, რომელთა დიდი ნაწილიც გათვალისწინებული გვაქვს".- თქვა ბექა ბარამიძემ.  

გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მისი თუნუქით გადახურვა. 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განმარტებით, კონსტრუქტორებისა და რესტავრატორების დასკვნით თანახმად, გელათის ტაძარზე დამატებითი კონსტრუქციული დატვირთვა არ იყო მიზანშეწონილი და ის თუნუქით სწორედ ამიტომ გადახურეს. 


close დახურვა