ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ვირთხასავით გაიქცა" და მრავალი პრობლემის დროს პასუხისმგებლობა აირიდა. მასთან, უგულავას აზრით, ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა პარტიის თავმჯდომარის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო მწვავდება, რაც ნიშნავს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო ახლოსაა.
"ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც ისედაც აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები, მოჩვენებითი თუ რეალური თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილის ლეგიტიმაციის პრობლემა კიდევ ათჯერ და ასჯერ უფრო მწვავედ დგება.
შესაბამისად, მე ამას ასე ვუყურებ - ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან",. - თქვა უგულავამ.
მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, დატოვოს პარტია, ამომრჩევლის ღალატი და უკიდურეს უპასუხისმგებლობაა.
"ქართველმა ხალხმა ვირთხის წელიწადს გამოუტანა წირვა ბიძინა ივანიშვილს, მან იჭირვეულა და ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა, როგორც ხარმა. მაგრამ არსი არ შეცვლილა, ის დამარცხდა არჩევნებზე, როგორც ვირთხა და შემდეგ მიისაკუთრა ძალაუფლება.
ბიძინა თავს გვაჩვენებს თუ მართლა მიდის - თავისთავად ცხადია, რომ სანამ მორიგი მთავარი პროკურორი შოთაძე ან რომელიმე მურუსიძე მის მისაღებში იდგება სქელი საქაღალდეებით, ვინ დაიჭირონ და ვინ გამოუშვან ციხიდან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება.
ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელი მართავ მილიარდერი და შენი მმართველობის შემდეგ ქვეყანას გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადასახდელად.
უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როცა შენი მმართველობის დროს ეროვნული ვალუტა თითქმის 2,5-ჯერ გაუფასურდა, რამაც მოსახლეობა გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო.
უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა გაქცევა მაშინ, როცა ქვეყანაში პანდემიაა და პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, მიტაცებულია ეს თუ არა, შენზე და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზეა.
უაპსუხისმგებლობაა, როცა ქვეყანას კრიმინალი ძიძგნის და შენ ასე ფეისბუქ პოსტით მიდიხარ.
ვინც 41 ნომერი შემოხაზა, შემოხაზა არა ქართული ოცნების რომელიმე ახალი ან ძველი სახის გამო, შემოხაზა ბიძინა ივანიშვილის გამო.
ვინც ივანიშვილს მიეცით ხმა - მან გიღალატათ ზურგი გაქციათ, დაგტოვათ პანდემიის წინაშე, გაგწირათ და მოგატყუათ და დატოვა ეს ერთპარტიული პარლამენტი". - თქვა უგულავამ.
როგორც პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტიდან, ისე მთლიანად პარტიიდან წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 11 იანვარს განაცხადა. მან ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მიუთითა, რომ თავისი მისია უკვე შეასრულა და ახლა 2011 წლამდე მდგომარეობას დაუბრუნდება.
ამასთან, ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ქონების მნიშვნვნელოვანი ნაწილი ფონდი ქართუს ანგარიშზე გადაიტანა. ლაპარაკია მილიონობით ლარის ქონებაზე.
ფონდი ქართუს ანგარიშზე ქონების გადატანის სქემებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.