ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის შევიწროების და დევნის შესახებ 12 იანვარს გახდა ცნობილი. სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც 2 მუსლიმ თანასოფლელს ქვები დაუშინა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც გაირკვა, დაპირისპირების მიზეზი მუსლიმი თემის მიერ კერძო სახლში მოწყობილი სამლოცველო გახდა, სადაც სოფლის მკვიდრი მუსლიმი თემი, რომლებსაც ადგილზე სხვა სალოცავი არ გააჩნია, იკრიბებოდა და ლოცულობდა.
მეორე დღეს, 13 იანვარს კონფლიქტი უფრო მეტად გამწვავდა, როდესაც ბუკნარის მკვიდრმა ქრისტიანმა თემმა, რომლებიც ყველაზე მსხვილ რელიგიურ ჯგუფს წარმოადგენენ ადგილზე, მუსლიმების მიერ სამლოცველოს მოწყობა გააპროტესტა, რასაც რელიგიური შუღლის ნიადაგზე დაპირისპირება და კონფლიქტი მოჰყვა.
ფორმულასთან საუბარში, მუსლიმი თემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამლოცველოს გაუქმების მოთხოვნის არშესრულების გამო, სოფლის მკვიდრ მუსლიმებს ქრისტიანი მცხოვრებლები გზებზე ხვდებოდნენ, მანქანებს უჩერებდნენ და ხანდახან ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.
ბუკნარის ერთ-ერთი ქრისტიანი მცხოვრების დაკავების შემდეგ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), რომელიც წლებია სხვადასხვა რელიგიური ჯგუფისა და უმცირესობების საკითხებზე მუშაობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დროულად გამოეძიებინა მომხდარი, ეზრუნა კონფლიქტის დეესკალაციაზე და უზრუნველეყო მუსლიმი თემის წარმომადგენლებისთვის მათსავე სამლოცველოში ღვთისმსახურების მშვიდობიანად აღსრულების უფლება, თუმცა კონფლიქტი ამით არ ამოწურულა.
მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა, რომლებიც წლებია ამა თუ იმ ფორმით რელიგიურ ნიადაგზე შევიწროებას განიცდიან, ადგილობრივ ხელისუფლებას კონფლიქტის მოგვარებაში ჩართვა მოსთხოვა და გუბერნატორთან შეხვედრა მოითხოვა.
მათთან გურიაში სახელმწიფო რწმუნებული, ზურაბ ნასარაია და ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა მივიდნენ, თუმცა, საუბარი მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა.
კონფლიქტის ხელახლა გაცოცხლების შემდეგ სოფლის მუსლიმმა თემმა გაიხსენა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე მათ ხელისუფლების წარმოამდგენლებისგან მეჩეთის აშენებაში დახმარების დაპირება მიიღეს, თუმცა, მთავრობამ დაპირება არ შეასრულა.
მას შემდეგ, რაც გუბერნატორმა და მერმა სოფელი დატოვეს, მუსლიმმა თემმა გადაწყვიტა, სოფლის ცენტრში გადასულიყო, თუმცა, პოლიციამ ჯაჭვი შეკრა და მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირების განახლება მოჰყვა. ჯაჭვის მეორე მხარეს სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა იყო შეკრებილ, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ მუსლიმმა თემმა შეძლო სოფლის ცენტრში გადანაცვლება.
"ხალხს ლოცვას უკრძალავენ. თქვენ, სახელმწიფო უწყებები ვალდებულები ხართ, უზრუნველყოთ მათი მშვიდობიანი უფლება ლოცვისა, ცხოვრებისა". - უთხრა პოლიციელს ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმმა კაცმა. პასუხად პოლიციელმა უთხრა, რომ მას რელიგიური საკითხები არ ეხება.
"ჩვენ, როგორც უვიცი ცხვარი, ისე შეგვაფასეს, არავინ არ მოვიდა და დაგვიდგა მხარში". - თქვა კიდევ ერთმა ბუკნარელმა მუსლიმმა ქალმა.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონფლიქტის ხელახალი გაღვივება 2012-2016 წლებში მსგავსი პრობლემების და რელიგიური ნიშნით შევიწროებისა და ძალადობის შემთხვევების შემდეგ სახელმწიფოს არასწორი და არაეფექტურ რეაგირებას დაუკავშირა.
"ზოგადად, ვიტყოდი, რომ მუსლიმი თემი მეჩეთის მშენებლობის პროცესში ნამდვილად აწყდება პრობლემებს ნებართვების გაცემასთან მიმართებით და თვითმმართველობების დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში არის დისკრიმინაციული მათ მიმართ", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკას სახიფათოდ და შემაშფოთებლად მიიჩნევს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე, რომელიც წლებია რელიგიური უმცირესობების უფლებადამცველ საქმიანობაშია ჩართული. ღავთაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირები დიდი ხანია საკუთარი რიტორიკით სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მიმართ უთანასწორო მიდგომას ამჟღავნებენ.
"ასეთ ფაქტებს ახალისებს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების ისეთი განცხადებები, როგორიც არის, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო და ასევე განცხადებები, რომ მხოლოდ უმრავლესობას აქვს გარკვეული უფლებებით სარგებლობის უფლება, რაც შობასთან დაკავშირებით მოვისმინეთ და რომ უმცირესობები არ არიან სრულფასოვანი მოქალაქეები", - განაცხადა ღავთაძემ.
ბუკნარში მუსლიმი თემის რელიგიურ ნიადაგზე შევიწროებას გამოეხმაურნენ სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები. ევნაგელურ-ბაპტისტული ეკლესიის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა ქრისტიანობის სახელით ბუკნარელ მუსლიმებს ბოდიში მოუხადა.
"ბოდიშს ვუხდით ქართველ მუსლიმებს, რომ მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ღმერთისა და ქრისტიანობის სახელით. ძალიან ვწუხვართ, და ვთხოვთ მათ, რომ თუ შეუძლიათ, იმ ღმერთის სახელით, რომელიც მუსლიმებს, ქრისტიანებსა და ებრაელებს საერთო გვყავს, კიდევ ერთხელ გვაპატიოთ ეს დანაშაული, რომლიც კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ინტერრელიგიურ რეალობაში". - განაცხადა ეპისკოპოსმა.
13 იანვარს სოფელ ბუკნარის მუსლიმ მცხოვრებლებს ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა შეხვდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კონფლიქტი ამოიწურებოდა და რომ მუსლიმი და ქრისტიანი თანასოფლელები მშვიდობიანად განაგრძობდნენ თანაცხოვრებას.
"შედგა საკმაოდ ხანგრძლივი, მაგრამ კონსტრუქციული, ურთიერთდათმობის, ურთიერთგაგების ფონზე. ეს შეხვედრები გაგრძელდება, მაგრამ ახლა პირობითად ორივე მხარე, ერთი სოფლის მცხოვრებლები შეთანხმდნენ, რომ ისინი ჩვეულებრივად გააგრძელებენ ფუნქციონირებას და ლოცვას. არც არავის ხელი არ შეეშლება, ეს არის სეკულარული სახელმწიფო. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო, ამიტომ თანასოფლელები ყოველგვარი ჩარევის გარეშე თანაცხოვრებას გააგრძელებენ და ამას მიეძღვნა ეს კონსტრუქციული შეხვედრა". - თქვა ჩოხატაურის მერმა.
თუმცა მერთან შეხვედრიდან მეორე დღეს მუსლიმი ბუკნარლები კვლავ მერიასთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ შეხვედრას თემის სასურველი წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ და რომ შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის.
"ჩვენ ვითხოვთ, ჩაერიოს სამღვდელოება, სამუფტო. მოხდეს განხილვა, შემდეგ გამოვიდეს ეკლესიიდან ადამიანი და მოუწოდოს მის მრევლს სიმშვიდისკენ. ჩვენ მშვიდად ვართ". - თქვა ერთ-ერთმა მუსლიმმა.
იმავე დღეს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა განაცხადა, რომ ეპარქიიდან ბუკნარში სამღვდელო პირები გაგზავნა, რომელთა ადგილზე მისვლისა და მოლაპარაკებებში ჩართვის შემდეგ, მისი თქმით, სიტუაცია განიმუხტა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის და მივესალმებით იმ შერიგების პროცესს, რაც იქნა მიღწეული ჩვენი თუ სხვა კეთილი ადამიანების რუდუნებით". - განაცხადა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა.
14 იანვარს ბუკნარში, კონფლიქტის განმუხტვის მიზნით, სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე ჩავიდა, რომელმაც სოფლის მცხოვრებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
"მე იმ საღამოს ვიყავი ჩამოსული, სამლოცველოში შევხვდი მლოცველებს. მთავარია, ლოცვები გაგრძელდეს და სოფელი დაუბრუნდეს ძველ, მშვიდობიან მდგომარეობას. ჩვენ ერთი ქვეყნის, ერთი ერის ხალხი ვართ. ეს ქვეყანა ყველასია", - განაცხადა შანთაძემ.
ხვალ, პარასკევს მუსლიმები, ტრადიციისამებრ, სალოცავად შეკრებას გეგმავენ. ამ დრომდე უცნობია, რამდენად ქმნის დღემდე მიმდინარე კონფლიქტი ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების სერიოზულ რისკებს, თუმცა ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ბუკნარში მცხოვრებ ქრისტიან და მუსლიმ მოქალაქეებს შორის კონფლიქტი კვლავ არ ამოწურულა.