logo
ENG



წილოსანი: ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერია გასაყოფი

15 იან 202122:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/15/y7i56jfapsgm037.jpg

მმართველი გუნდის დეპუტატმა ნინო წილოსანმა, რომელიც სოფელ ბუკნარში იმყოფებოდა, "ქართველები" და "მუსლიმები" ორ სხვადასხვა ჯგუფად მოიხსენია. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით "ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერია გასაყოფი".

"არც ამ სოფელში, არც გურიის რომელიმე სოფელში თუ მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერია გასაყოფი. ჩვენი ისტორიული და კულტურული მონაპოვარია ის, რომ სხვადასხვა კონფესიის ადამიანები ერთად ვთანავცხოვრობთ", - განაცხადა წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სოფელში საპროტესტო აქციები იმართებოდა. მუსლიმი თემი ხელისუფლებასთან შეხვედრას, სალოცავის მოწყობისა და უსაფრთხო ლოცვის შესაძლებლობას ითხოვდა. 

ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის შევიწროების და დევნის შესახებ 12 იანვარს გახდა ცნობილი. სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც 2 მუსლიმ თანასოფლელს ქვები დაუშინა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც გაირკვა, დაპირისპირების მიზეზი მუსლიმი თემის მიერ კერძო სახლში მოწყობილი სამლოცველო გახდა, სადაც სოფლის მკვიდრი მუსლიმი თემი, რომლებსაც ადგილზე სხვა სალოცავი არ გააჩნია, იკრიბებოდა და ლოცულობდა. 

13 იანვარს კონფლიქტი უფრო მეტად გამწვავდა, როდესაც ბუკნარის მკვიდრმა ქრისტიანმა თემმა, რომლებიც ყველაზე მსხვილ რელიგიურ ჯგუფს წარმოადგენენ ადგილზე, მუსლიმების მიერ სამლოცველოს მოწყობა გააპროტესტა, რასაც რელიგიური შუღლის ნიადაგზე დაპირისპირება და კონფლიქტი მოჰყვა. 

დღეს, 15 იანვარს ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის შეხვედრა მხარეების შერიგებით დასრულდა. სხდომაზე რაიმე მოთხოვნები არ გაჟღერებულა. მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ სადავო მუსლიმური სამლოცველო ჩვეულებრივად გააგრძელებს ფუნქციონირებას. 


close დახურვა