logo
ENG



სპეცოპერაცია კასპში - დააკავეს თავდამსხმელი, რომელსაც მძევლები ყავდა აყვანილი

16 იან 202114:31
3 წუთის საკითხავი
 

კასპში სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა დააკავეს თავდამსხმელი, რომელსაც ერთ-ერთ საწარმოში 2 მძევალი ყავდა აყვანილი. დაკავებული შეიარაღებული იყო, მას სანადირო თოფი ჰქონდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მაოდგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. 

მისი თქმით, დაკავებულმა შსს-ს რამდენიმე დღის წინ განცხადებით მიმართა. განცხადებაში ის წერდა, რომ მას ემუქრებოდნენ. 

"რამდენიმე საათის წინ ბრალდებულმა მძევლად აიყვანა ორი მოქალაქე, რომლებიც რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაათავისუფლა. ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბრალდებული დაკავებულია. იგი იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცველებს მიეყვანა მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთში გადასვლას. რამდენიმე დღის უკან მოგვართა განცხადებით, ჰქონდა პრეტენზიები კონკრეტულ მოქალაქეებზე. ამ ფაქტზე შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს. ის იყო შსს-ს ყოფილი თანამშრომელი და 2018 წელს დატოვა სამსახური", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.


close დახურვა