logo
ENG



ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმოს რელიგიის სააგენტო და დაიწყოს რეფორმები

18 იან 202111:36
3 წუთის საკითხავი
clock 648

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები ბოლო დღეებში სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებენ, გაიაზრონ რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური გამოწვევები, მისი მძიმე სოციალური ეფექტები და დროულად დაიწყოს ამ სფეროში ფუნდამენტური რეფორმები.

ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი მოწოდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებაა. 

NGO-ები აცხადებენ, რომ არსებითია, სახელმწიფო უწყებებმა შეისწავლონ ამგვარი რელიგიური დევნის, შევიწროების, კონფლიქტებისა და გაუცხოების პრაქტიკის სისტემური სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური მიზეზები და მას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ, ასევე მაკრო და მიკრო სოციალურ დონეებზე პოზიტიური ჩარევითა და რეფორმებით უპასუხონ.

ორგანიზაციები იხსენებენ რელიგიურ კონფლიქტებს, რომლებიც გასულ წლებში საქართვეოში მოხდა: 

სოფელ ნიგვზიანში (2012), სოფელ ციხისძირში (2011), სოფელ წინწყაროში (2013), სოფელ სამთაწყაროში (2013), სოფელ ჭელაში (2013), ქობულეთში (2014), სოფელ მოხესა (2014) და სოფელ ადიგენში (2016).

მათი შეფასებით, "სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებებს აღნიშნულ კონფლიქტებზე სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება არ ჰქონიათ. ზოგიერთ შემთხვევაში სიტუაციის განმუხტვა მუსლიმი თემის რელიგიური უფლებებისა და საჭიროების სრული უგულებელყოფის ხარჯზე მოხდა (მაგალითად, სამთაწყაროში ჯამეს გახსნა ადგილობრივი თემის მიერ შეძენილ კერძო სახლში მაინც ვერ მოხერხდა, ქობულეთის მუსლიმური პანსიონატი ამ დრომდე დაკეტილია, მოხის ისტორიული მეჩეთისთვის ამგვარი სტატუსის მინიჭება ამისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისიის მუშაობის მიუხედავად არ მომხდარა)".

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: 

"ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა თითქმის არც ერთ ინციდენტზე და რელიგიური დევნისა და ძალადობის ფაქტებზე არავის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მათ შორის, მაშინ როცა ადგილობრივი მუსლიმი გლეხების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების აშკარა შემთხვევები დაფიქსირდა (მაგალითად, სოფელ ჭელასა და მოხეში). უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების პრობლემის მიღმა, არც ერთ შემთხევაში სახელმწიფო უწყებებს მსგავსი კონფლიქტის სისტემური მიზეზები არ შეუსწავლიათ და არ გაუტარებიათ გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა, რაც კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში სოლიდარული, თანასწორი და მულტიკულტურული სოციალური გარემოს  შექმნას შეუწყობდა ხელს.   

მნიშვნელოვანია, რომ ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება ჰქონდა. წინა გამოცდილებებისგან განსხვავებით, რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სასარგებლო განცხადებები გაკეთდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან, ადგილზე მედიაციის პროცესი ხარვეზებით, თუმცა მაინც დროულად დაიწყო და გამოჩნდა პოლიციის სამართლებრივი რეაგირებაც. თუმცა, დომინანტური რელიგიური თემის შიგნით გამოვლენილი პრობლემური ხედვებისა და სენტიმენტების, ასევე ჩვენს გარემოში გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის გათვალისწინებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი გვგონია სახელმწიფომ სოფელი ბუკნარის თემში და ასევე, რელიგიური/ეთნიკური კონფლიქტის გამოცდილების ან ამგვარი რისკის მქონე თემებში გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა გაატაროს.  

არსებითია იმის აღნიშვნაც, რომ ბუკნარის შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარების ქვეშ მოქმედი და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე მთავრობის ექსკლუზიური უწყების - სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მკვეთრად არაეფექტიანი როლი და წლების განმავლობაში მისივე ორგანიზებული პოლიტიკის მძიმე შედეგები.  მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყების კომპეტენციაში რელიგიური დაპირისპირების გადაჭრის ხელშეწყობა შედის, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კონფლიქტების გადაჭრაში უწყება აქტორი არ ყოფილა და მათი მონაწილეობა მედიაციის პროცესში ხილვადი არ იყო, რაც ამ უწყების მიმართ არსებული მკვეთრი კრიტიკითა და უნდობლობით უნდა აიხსნას. მეტიც, მედიაში უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის რეალურ გამოწვევებსა და რელიგიური თემების საჭიროებებს ღიად უგულებელყოფს. ამასთან ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოს სოფელ ბუკნარის კონფლიქტზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიმართ მუსლიმი თემის მიერ გაჟღერებულ კრიტიკას, რომელიც სწორედ სააგენტოს და უფრო ფართოდ მთავრობის  მხრიდან არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგია. ხელმომწერი ორგანიზაციები აქვე ჩვენს პირად პატივისცემას ვადასტურებთ სამუფტო სამმართველოს ხელმძღვანელებისა და სხვა თანამშრომლების მიმართ. 

წლების განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციები, ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორები, მათ შორის, სახალხო დამცველი, ვუთითებთ რელიგიის თავისუფლების სფეროში დაგროვილი არაერთი სისტემური გამოწვევის შესახებ, რომელიც კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის დონეზე, ასევე მიკრო სოციალურ/სათემო დონეზე არსებობს. ეს გამოწვევები უკავშირდება კანონმდებლობაში არსებულ დისკრიმინაციულ ჩანაწერებს (მაგალითად, დისკრიმინაციული ჩანაწერები რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების წესში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, ტყის კოდექსში), რელიგიური უმცირესობების საჭიროებებისა და უფლებების მრავალწლიან უგულებელყოფასა და გამოტოვებას (მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ კანონისა და პოლიტიკის არ არსებობა, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და შენარჩუნების პრობლემა) პოლიტიკურ ენაში გამოხატულ არასეკულარულ და თანასწორობის საწინააღმდეგო შინაარსს, დისკრიმინაციულ ადმინისტრაციულ პრაქტიკებს (მაგალითად, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პროცესში წარმოშობილ დაბრკოლებებს, საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვებებს), რელიგიური შეუწყნარებლობით მოტოვირებულ  დანაშაულებზე არაეფექტიანი რეაგირებასა და პრევენციას.

2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნების შემდეგ არც ერთი ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაჭრილა. ამის საწინააღდეგოდ ჩვენ მუდმივად ვხედავდით სააგენტოს მკვეთრად რეგრესულ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე არსებობს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა, ასევე ჩანს პოზიტიური რეფორმების დინამიკა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის, ასევე განათლების სამინისტროს სისტემებში, ფუნდამენტური პრობლემები რელიგიის თავისუფლების სფეროში კვლავ გადაუჭრელი რჩება.

ჩვენი დაკვირვებით, ცვლილიებების პროცესს არსებითად აფერხებს მთავრობის მიერ რელიგიის თავისუფლების სფეროს დანახვის პრობლემური პერსპექტივა და მისი ინსტიტუციური მოწყობა, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ სფეროში მთავრობის ექსკლუზიური აქტორად განიხილება. ჩვენთვის წარმოუდგენელია ამ უწყებისა და მისი პოლიტიკის არსებობის  პირობებში რელიგიის თავისუფლების სფეროში პოლიტიკის პოზიტიური ცვლილება და ამისთვის აუცილებელი დემოკრატიული კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან,  რადგან აღნიშნულ უწყებას:

1. პრობლემური მანდატი და ბუნდოვანი კომპეტენციები აქვს, რომელიც მას თვითნებობის და არადემოკრატიული/არაგამჭირვალე მუშაობის შესაძლებლობებს აძლევს;

2. რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის მეტწილად უსაფრთხოებაზე და იერარქიებზე დაფუძნებული  ხედვები აქვს; 

3. ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო მუშაობის გამოცდილება აქვს;

4. რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების დაბალი ნდობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ამ უწყების მიმართ მკვეთრი კრიტიკა აქვთ გამოხატული საერთაშორისო ორგანიზაციებს (FCNM, ECRI) და ავტორიტეტულ ექსპერტულ წრეებს (რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ოსლოს კოალიცია, საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის ანგარიში მთავრობისთვის).  

ამ უწყების მიმართ ღრმა უნდობლობა და კრიტიკა რელიგიური ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების მიერ დაფიქსირდა მისი დაარსებიდან პირველივე დღეებში, როცა მაკონტროლებელი „რელიგიური სამინისტროს“ შექმნის რისკებს ვხედავდით და ამ უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ რეგრესულ, უფლებების საწინააღმდეგო ინიციატივებსა და განცხადებებს ვისმენდით. სამწუხაროდ, ეს კრიტიკა და ნდობის კრიზისი მთავრობას სერიოზულად არასდროს განუხილავს და მას შემდეგ არა თუ რეფორმის პროცესი, სახელმწიფოსთან თავისუფალი დემოკრატიული კომუნიკაციაც კი შეჩერდა ამ თემაზე.    

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კიდევ ერთი კრიზისის ფონზე მაინც, გამოხატონ მაღალი ინტერესი  რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგების მიმართ და: 

  • შეცვალოს რელიგიურ ორგანიზაციებთან და თემებთან მუშაობის არსებული პერსპექტივა და ის თანასწორობის, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიის თავისუფლების სტანდარტების განუხრელ დაცვას დააფუძნოს, ნაცვლად უსაფრთხოების, კონტროლის და რელიგიური ჯგუფების იერარქიზების მიდგომისა.  ამ კუთხით არსებითია, შეწყდეს ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ ავტონომიაში ჩარევის პრაქტიკა, რომელსაც უნდობლობისა და არაფორმალური ორგანიზების არაფორმალური ორგანიზების ნეგატიური პრაქტიკები მოჰყვება. 
  • შეიმუშავოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა,რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება. 
  • გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის და პოლიტიკის კოორდინაციის ახალ მოდელებზე იმუშაოს, რომელიც შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზს და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება. 

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოთქვამენ მზადყოფნასამ საკითებთან დაკავშირებით იმუშაონ საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან.

განცხადებას ხელს აწერენ: 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ევანგელურ - ბაბტისტური ეკლესია 

ქართველ მუსლიმთა კავშირი 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო

ევანგელისტური ეკლესია 

პლატფორმა სალამი 

სოლიდარობის პლატფორმა 


close დახურვა