სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე მოქალაქეებთან - ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან მოლაპარაკების და მათი ინიციატივის განხილვის აზრს ვერ ხედავს.
ვაშაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი ახალი ინიციატივის დაყენება მოლაპარაკებებისთვის წამგებიანია, რადგან ქართული ოცნება, თავის მხრივ, არანაირი ინიციატივით არ გამოდის.
"ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ, ცალ კარში თამაშივით არის, რომ ხან ერთი წინადადებაა, ხან მეორე, ხან მესამე. შეიძლება მისაღები იყოს, შეიძლება მიუღებელი, მაგრამ მოლაპარაკებებისთვის არასწორი მგონია, მუდმივად ინიციატივა ინიციატივაზე მოდიოდეს ოპოზიციის მხრიდან.
პირველი, რომ თვითიზოლაციაში ვარ და ეს შეხვედრა ვერ შედგება, მაგრამ მეორე, ვფიქრობ, რომ საერთო მოლაპარაკების ფორმატში უნდა იყოს ნებისმიერი ასეთი საკითხი განხილული. თუმცა, აქაც ვერ ვხედავ აზრს. ხომ უნდა დავინახოთ რაღაც პროგრესი ქართული ოცნების მხრიდან. ხომ უნდა გვითხრან, რომ მზად არიან. თუ ამას ვერ ვხედავთ, ჩვენ ერთმანეთში რაც არ უნდა ვისაუბროთ და მით უმეტეს, ეს საჯაროდ გამოვიტანოთ, როგორ შეიძლება, რამე შედეგზე გავიდეთ". - თქვა გიორგი ვაშაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში.
ვაშაძესთან შეხვედრის ინიციატივა მოქალაქეებმა გამოთქვეს.
ისინი - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი გასულ კვირას გირჩს - იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს შეხვდნენ მათ განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამური ხმებით ქართულ ოცნებას აჯობებს, მათთვის მისაღებია, ეს შეფასდეს, როგორც პლებისციტი. მათი ინიციატივაა, ოპოზიციამ ახალი არჩევნები სწორედ იმ შემთხვევაში უნდა მოითხოვოს, თუ ისინი მოიგებენ თვითმმართველობის არჩევნებს. მანამდე კი, მოქალაქეებისა და გირჩისთვის პარლამენტში შესასვლელად სხვა პირობების დაკმაყოფილებაც საკმარისია - საარჩევნო რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და სისტემის რეფორმა. ოპოზიციამ მმართველ გუნდს პლებისციტიც შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებდა ამომრჩევლისთვის კითხვის დასმას იმაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობას განიხილავს.
2020 წლის 11 დეკემბერს X მოწვევის პარლამენტი მხოლოდ 1 პარტიით შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში შევიდა 4 დეპუტატი, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდნენ, შემდეგ კი სხვა პარტია, ევროპული სოციალისტები ჩამოაყალიბეს.