logo
ENG



TI: აჭარაში რამდენიმე ა(ა)იპის არსებობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს

20 იან 202111:53
3 წუთის საკითხავი
clock 931
2021/01/20/8488tdtcn1yux49.png

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ინფორმაციით, აჭარის 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ქობულეთი) სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6 991 დასაქმებული ადამიანის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოები 3 444 517 35 ლარი, წლიურად კი - 41 334 208 2 ლარი იხარჯება.

TI-ში აცხადებენ, რომ რამდენიმე ა(ა)იპის არსებობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რადგან მუნიციპალიტეტები ვერ ასაბუთებენ, თუ რა გადაუდებელი აუცილებლობით არის განპირობებული მუნიციპალური ა(ა)იპების არსებობა და შესაბამისად, მათი ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი.

"ასეთ შემთხვევებად შეიძლება განვიხილოთ ხულოში არსებული ა(ა)იპი საფეხბურთო კლუბი ხიხანი, ბათუმის საჭადრაკო კლუბი ნონა და ბათუმის საცხენოსნო კლუბი. ამ ბოლო ორი იურიდიული პირის მიერთება ბათუმის სპორტული ცენტრისთვის, ვფიქრობთ, ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა. ასევე, აუცილებელია, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპების საქმიანობის სრულყოფილი შესწავლა, მკაცრი მონიტორინგი და მხოლოდ იმ იურიდიული პირების შენარჩუნება, რომელთა საქმიანობასაც მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს შესყიდვებით ვერ განახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.

TI-ში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპ-ებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. შესაბამისად, როგორც მუნიციპალიტეტის მერი - ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის დანიშვნის, ასევე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი - საკადრო გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეირჩეს უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი.

"41 მილიონი ლარის ხარჯვა მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა მუნიციპალური პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტებში ვერ ხერხდება", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

TI-ის მოსაზრებით, აჭარის მუნიციპალიტეტებმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯები:

1) შეისწავლონ საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. ასეთი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში კი გადადგან ნაბიჯები გარკვეული მომსახურებების ტენდერის გზით მიღებაზე - ეს შეამცირებს როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს;

2) გადახედონ არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, რათა ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი;

საერთაშორისო გამჭირვალობის სრული კვლევა აჭარის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებზე იხილეთ ბმულზე.

 


close დახურვა