logo
ENG



TI აფრიკის დასახლებაზე: ხელისუფლება უგულებელყოფს უსახლკარო პირების უფლებებს

15 დეკ 202017:41
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/15/t25gi6bppwqyhsa.png

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აშენებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ მძიმე ეპიდემიური სიტუაციის ფონზე, არსებული რთული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობისა და ზამთრის მძიმე პირობების გათვალისწინებით, მსგავსი მკაცრი ზომების გამოყენებით, თბილისის მერია ამ შენობებში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

TI-ში მიაჩნიათ, რომ საცხოვრებლების დემონტაჟით ხელისუფლება უგულებელყოფს სოციალურად დაუცველი და უსახლკარო პირების უფლებრივ მდგომარეობას.

"მოვუწოდებთ თბილისის მერიას შეაჩეროს შენობების დემონტაჟი, შეისწავლოს იქ მცხოვრები პირების სოციალური პირობები და უზრუნველყოს ისინი, მათი საჭიროების გათვალისწინებით, სათანადო ალტერნატიული საცხოვრებლით", - აცხადებენ TI-ში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მზადყოფნას გამოთქვამს დემონტაჟის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მოქალაქეებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს.

დედაქალაქის მერიამ დღეს, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

"ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რა ალტერნატივა აქვს მერიას იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახლი არ აქვს. როგორც მან განაცხადა, ვისაც გარკვეული პრობლემა აქვს, ან სახლი დაენგრა, გამგეობები გამოყოფენ თანხებს და მათ დაეხმარებიან.

დემონტაჟის პროცესს გამოეხმაურა ომბუდსმენი და განაცხადა, რომ დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. ლომჯარიას თქმით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას.

ამავდროულად, საია ეხმაურება 15 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესს და მოუწოდებს თბილისის მერიას შეწყვიტოს დემონტაჟი, ამასთანავე უზრუნველყოს და გაატაროს უსახლკარო პირთა მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა.

მოქალაქემ, რომელსაც დღეს, 15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში აშენებული სახლი დაუნგრია, ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მისცა. 

"მოვიდნენ, გვითხრეს, გააკეთეთო, არჩევნები მოდისო. სოზარ სუბარმა შემოიარა, ააშენეთო. ავაშენეთ. სულ კაპიკ-კაპიკ და ასე დაგვტვოვეს პირღიები. რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ქუჩაში მრჩება შვილები". - თქვა მან. 

არჩევნებამდე, მაშინ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი და უკვე დეპუტატი, სოზარ სუბარი "აფრიკის" დასახლების მცხოვრებლებს მშენებლობების დაკანონებაში დახმარებას დაჰპირდა. 

ქართული ოცნების სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი სამგორში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის პროცესს ეხმაურება  და აცხადებს, რომ ის მოსახლეობას ვერაფრს დაჰპირდებოდა, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება. 


close დახურვა