logo
ENG



ხოშტარია: საზოგადოების ღირსების საკითხია, ვიდგეთ ნატალია ილიჩოვას გვერდით

20 იან 202112:15
3 წუთის საკითხავი
clock 857

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები რუსთავის ქალთა კოლონიასთან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების მხარდასაჭერ აქციას მართავენ. სწორედ, დღეს 20 იანვარს ქალთა კოლონიაში უნდა დაუზუსტონ ბრალი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვას.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, საზოგადოების ღირსების საკითხია ნატალია ილიჩოვას მხარდაჭერა.

ხოშტარიას თქმით, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ციხეში უსამართლოდ იმყოფებიან.

"დღეს ძალიან მინდა, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ქალბატონ ნატალიას, რომ მარტო არ იგრძნოს თავი. მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენი საზოგადოების ღირსების საკითხია, ვიდგეთ ქალბატონი ილიჩოვას გვერდით. ჩვენ ვაპროტესტებთ წარმოუდგენელ ძალადობრივ უსამართლობას, რასაც ხელისუფლება ჩადის. არ არსებობს არც ერთი საფუძველი იმისა, რომ ეს ადამიანები აქ იყვნენ. მათ აბრალებენ უმძიმეს რამეს, დასაბუთების გარეშე. ჩვენ არ მოვასვენებთ იმ პროკურორებსა და იმ თანამდებობის პირებს, რომელთაც თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის შეიწირეს ადამიანები", - აცხადებს ხოშტარია.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. 


close დახურვა