logo
ENG



მელაშვილი ცოლი პროკურატურის მასალებზე: იქ არაფერი თქმულა, რაც მის დანაშაულს დაადასტურებს

21 იან 202119:32
3 წუთის საკითხავი
clock 851
მელაშვილი ცოლი პროკურატურის მასალებზე: იქ არაფერი თქმულა, რაც მის დანაშაულს დაადასტურებს

ერთ-ერთი დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილის ცოლი თამარ სულაძე, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალებზე ამბობს, რომ კიდევ უფრო გაუმყარა პოლიტიკური მოტივით დაკავების ეჭვი. ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" საუბრისას მან აღნიშნა, რომ ჩანაწერში ისეთი არაფერი თქმულა, რაც მისი ქმრის დანაშაულზე მიუთითებს.

"იქ ისეთი არაფერი თქმულა, რომ მის დანაშაულს ადასტურებდეს. უბრალოდ, ისინი განმარტავენ სხვანაირად იმას, რაც ჩვენ მოვისმინეთ. სრული ვერსია არ ვიცით რა არის, ნახავენ მას ადვოკატები.

რაც თავიდან ვთქვი ეს არის, რომ პოლიტიკური მიზნითაა ეს ყველაფერი შეთითხნილი, ეტყობა უკან ვერ იხევენ, მაინც უნდათ, ვიღაცებს მიწვდნენ და გააგრძელეს ასეთი მოქმედება", - აცხადებს თამარ სულაძე.

დღეს, 21 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ ფარული ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, მათი ინფორმაციით, დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული. საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ჩანაწერით "დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს".

როგორც ირკვევა, პროკურტურა იველი მელაშვილს დაკავებამდე საკუთარ სამუშაო ოთახში აყურადებდა. უწყების ინფორმაციით, ჩანაწერი 2020 წლის 28 სექტემბრით თარიღდება.

  • პროკურატურის განცხადება სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

 

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. 


close დახურვა