ევროპარლამენტარი ანდიუს კუბილიუსი საქართველოს ულოცავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის საქმეზე. ფორმულასთან საუბარში იგი ამბობს, რომ საქართველო სიმართლის მხარესაა, რუსეთი კი პასუხისმგებელია მის ქმედებებზე.
"პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს და მათ, ვინც საქართველოს წარმოადგენდა, დაერწმუნებინა სასამართლო. ჩვენ ყველამ ვიცით რომ საქართველო სიმართლის მხარესაა, რუსეთი კი პასუხისმგებელია იმაზე, რაც გააკეთა, თუმცა ამის სასამართლოში დამტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, მთავარია, რა შედეგი მოყვა ამ ყველაფერს, აიძულებენ თუ არა რუსეთს, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ვიცით, რომ რუსეთში პუტინია, მისგან იმის მოლოდინი, რომ გადაწყვეტილებას შეასრულებს, გულუბრყვილობა იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტილება გადაწყვეტილებაა. დარწმუნებული ვარ, პუტინი რუსეთს სამუდამოდ ვერ მართავს, დარწმუნებული ვარ, ოდესმე იქ დემოკრატიის დრო მოვა და მაშინ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - ამბობს კუბილიუსი.
ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახურიცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.
სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.