logo
ENG



ჯანდიერი სტრასბურგზე: ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ლახვარია, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

22 იან 202122:08
3 წუთის საკითხავი
clock 546
2021/01/22/fp6pm2xo8xw9oi6.png

იურისტი დავით ჯანდიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მოგებული სარჩელი საქართველოს ზურგს უმყარებს

როგორც ჯანდიერმა ფორმულას გადაცემაში პოლიტმეტრი აღნიშნა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა დანაშაულებები, რომელიც ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ 12 აგვისტოს შემდეგ განხორციელდა. 

"საქართველოს ძალიან უმყარებს ზურგს ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არის ნამდვილად ლახვარი რუსეთისთვის მისი დამოკიდებულების გამო ეთნიკურად ქართველების მიმართ და ყველაფერი იმის გამო, რასაც ის თუნდაც 12 აგვისტოს შემდეგ აკეთებდა.

დადასტურებულია, რომ მასობრივად ჰქონდა ადგილი ეთნიკურად ქართველბის მოკვლას. მასობრივად ჰქონდა ადგილი ქართველების წამებას. განსაკუთრებით ეს უკავშირდებოდა მოხუც ადამიანებს და ქალებს, რომლებიც 160 ადამიანი 7 საკანში ჰყავდათ გამოკეტილი. ორი საპირფარეშოს პირობებში. უმძიმეს მდგომარეობაში. ეს ადამიანები ისე ჰყავდათ რომ მათ პასუხსაც არ ეუბნებოდნენ რატომ. ეთნიკურად ქართველების სახლების და სოფლების მასიური გადაწვა - ეს უმძიმესი პრობლემაა, რომლის წინაშეც ამ გადაწყვეტილებამ რუსეთი დააყენა. ტყვეებთან დაკავშირებული მოპყრობა - ჩაქუჩებით რომ ხელებს უმტვრევდნენ საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა დავით ჯანდიერმა. 

მისივე შეფასებით, ჩადენილ დანაშაულზე რუსეთი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. 

"რა თქმა უნდა რუსეთი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ახლა უკვე არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა, რომ ეს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის, გამოიყენოს იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც თვალს ხუჭავდნენ ამ ყველაფერზე და მათი ნებით ხდებოდა, პასუხი აგონ კანონის წინაშე", - განაცხადა ჯანდიერმა. 

ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახურიცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.

სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა "ეფექტური კონტროლი" განახორციელა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებზე, "ბუფერულ ზონაზე" 2008 წლის 12 აგვისტოდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რაც არის რუსეთის ჯარების ოფიციალურად გაყვანის თარიღი. ამ პერიოდის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენლობა იქ და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლებების დამოკიდებულება რუსეთზე, მიუთითებს, რომ მისი "ეფექტური კონტროლი" ამ ორ რეგიონზე კვლავ გრძელდება.

 


close დახურვა