logo
ENG



ჩავლეიშვილი ფანგანზე: ჩივილს არ ვაპირებ, ციხეში ზრდილობას ვერ ისწავლი, სააკაშვილმა წააქეზა

24 იან 202122:21
3 წუთის საკითხავი
clock 4109
2021/01/24/e48g34wq42g0ehm.jpg

აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრის ირაკლი ჩავლეიშვილი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ მას ალტერნატივას დაკავებულ აქტივისტთან ირაკლი ფანგანთან სამართლებრივი პრეტენზია არ აქვს და ჩივილს არ აპირებს. 

ჩავლეიშვილის თქმით, ფანგანს ზრდილობა აკლია, რასაც ის ციხეში ვერ ისწავლის.

"მე არანაირი პრეტენზია არ მქონდა მის მიმართ გარდა იმისა, რომ არაადამიანურად მოიქცა. დანარჩენი, სამართლებრივად მისთვის არ მიჩივლია და არც ვაპირებ. უბრალოდ, თავად გაავრცელეს ეს კადრები და პოლიციამ მისცა სამართლებრივი შეფასება. ციხეში კარგს ვერაფერს ისწავლის, ციხეში ზრდილობა არ ისწავლება, ზრდილობა ოჯახში ისწავლება. სამწუხაროდ, მშობლებმა ხელი მიაკლეს ეტყობა", - აცხადებს ჩავლეიშვილი.

ჩავლეიშვილის თქმით, ფანგანის ქმედება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წაახალისა.

"ეტყობა წააქეზეს ეს აქტივისტი. როგორც გამოჩნდა, მთავარი წამქეზებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია იმიტომ, რომ გააშეარა და მოუწონა ეს საქციელი. არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მიერ, არამედ იმ ადამიანების მიერაა წაქეზებული, ვინც ამ ქმედებას ამართლებს", - განაცხადა ჩავლეიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის "ალტერნატივა" წევრი ირაკლი ფანგანი სამართალდამცველებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრის ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის დღეს, 24 იანვარს დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 ჩავლეიშვილს ნაგავი ბათუმში "ალტერნატივას" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმში დააყარეს. მათ ამ ფორმით გააპროტესტეს ოპოზიციის სიით არჩეული დეპუტატის აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა.


close დახურვა