logo
ENG



მერიის თანამშრომელმა დანამატების გაცემის შესახებ ინფორმაცია ჯერ უარყო, შემდეგ კი აღიარა

26 იან 202112:39
3 წუთის საკითხავი
clock 1491

მერიის თანამშრომელმა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერიაში წინასაახალწლოდ 5 მილიონ ლარზე მეტის დანამატი გაიცა, ჯერ უარყო, შემდეგ კი დაადასტურა. 

ინფორმაცია ფორმულამ გუშინ, 25 იანვარს გაავრცელა. 

ვიქტორ წილოსანმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და ფორმულა სიცრუეში დაადანაშაულა. ფორმულანიუსი მას დამატებითი განმარტებისთვის დაუკავშირდა, თუმცა წილოსანმა კომენტარზე უარი თქვა.მოგვიანებით კი აღიარა, რომ თბილისის მერიაში დანამატები ნამდვილად გაიცა.

"მართლა არანორმალურ რეჟიმში მუშაობენ ადამიანები. საშუალოდ დარიცხული ხელფასით 1500 ლარად, რაც ნიშნავს იმას, რომ სახლში 1150 ლარი მიაქვს და 300 ლარი დანამატი აიღეთ - ამაზე სიუჟეტის გაკეთება უზნეობა მგონია",- მისწერა მან ფორმულას ჟურნალისტს.

ერთ-ერთი სამსახური, რომელშიც დანამატები დარიგდა მერიის, სწორედ ტრანსპორტის სამსახურია. ფორმულას მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, წინასაახალწლოდ დანამატი არ აუღია სამსახურის ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, თუმცა დანამატები მიიღო ყველა სხვა თანამშრომელმა.

ფორმულას ინფორმაციით, შტატიან თანამშრომლებზე წინასაახალწლოდ დანამატის სახით 13 759 ლარი გაიცა, დანამატები ასევე დაურიგეს ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებსაც, მათ 45 774 ლარი მიიღეს.

თბილისის მერიამ სახელფასო დანამატი 30 დეკემბერს დაარიგა.

დანამატები მიიღეს გამგეობის, საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების, თბილისის განვითარების ფონდისა და სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებმა. საუბარია 32 სამსახურზე. 


close დახურვა