კარტოგრაფების საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიების მთელი აქცენტი დავალებების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზეა მიმართული.
პროკურორმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით "ერთი პირი გამოკითხვაზე უკვე იმყოფება". სადრაძეს პირის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა ცნობილია, რომ უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავჯდომარე, გიორგი მანჯგალაძე.
"ჩვენ დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები [ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი] მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის მთელი აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისათვის და ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს საგამოძიებო ორგანო. მათ შორის, თქვენთვისაც ცნობილია, რომ დღეს უკვე ერთი პირი იმყოფება გამოკითხვაზე. ამ მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ მოქმედებებს და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა პროკურორმა.
მანვე აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ, რადგან "მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის".
ცნობისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი მანჯგალაძეს ამ დრომდე გამოძიებისთვის ჩვენება 2-ჯერ ჰქონდა მიცემული, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიბარეს, რაც პროკურატურამ დაკავებული კარტოგრაფის ივერი მელაშვილისა და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მალხაზ მიქელაძის საუბრის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა.
ჩანაწერში როგორც მელაშვილი, ასევე მიქელაძე გიორგი მანჯგალაძეს რამდენჯერმე ახსენებენ. გარდა ამისა, მელაშვილი ამბობს, რომ მანჯგალაძე კომისიის მუშაობის ფარგლებში სხვადასხვა საკითხების შეთნახმებაში იღებდა მონაწილეობას.
გიორგი მანჯგალაძე კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. 2020 წლის 14 სექტემბერს ჩატარებული გამოკითხვის ოქმში, მანჯგალაძე ვერ ასახელებს ზუსტად რომელი რუკებით ხელმძღვანელობდა კომისია. ის გამომძიებლებს ეუბნება, რომ კომისიის ხელმძღვანელობის პერიოდში ახალი რუკა ან გარემოება საზღვრის დასადგენად არ გამოუყენებიათ.
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთან ნახაზები მოჰქონდათ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, ხოლო რომელი რუკებით მოხდა ხელმძღვანელობა ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა ცნობილი.
ნახაზების წარმოდგენის შემდეგ ხდებოდა მისი განხილვა კომისიაზე. მუდმივად იყო ჩემი მხრიდან კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ყოფილა რამე ახალი საკითხები, იგივე ახალი რამე რუკა ხომ არ არსებობდა, რომელიც ძირფესვიანად შეცვლიდა კომისიის მუშაობის პროცესს, თუმცა ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ამგვარი რამ არ მახსენდება. კომისიაზე კონსესუსის მიღწევის შემდეგ ხდებოდა ჩემს მიერ მოხსენება საგარეო საქმეთა მინისტრისთვის და თანხმობის მიღების შემდეგ, უკვე შეთანხმების გაფორმება აზერბაიჯანულ მხარესთან", - ნათქვამია ჩვენებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გამოძიება სადავოს ხდის 2006 წლის 4 აგვისტოსა და 2007 წლის 7 მარტის შეთანხმებებს, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში მოხდა. კომისიების ამ შეხვედრებზე საქართველოს დელეგაციას სწორედ გიორგი მანჯგალაძე წარმოადგენდა, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. პროკურორები ამტკიცებენ, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ კომისიის სხვა წევრებს 1938 წლის 1-200-ათასთან მასშტაბის რუკები დაუმალეს. თუმცა მანჯგალაძის ჩვენებაში არცერთი კითხვა გამომძიებლებს ამ რუკასთან დაკავშირებით არ დაუსვამთ. გამოძიება არც იმით დაინტერესდა, იცოდა თუ არა მანჯგალაძემ ალტერნატიული რუკების არსებობის შესახებ.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობას, ისევე, როგორც მთლიანად საქმეს, პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, საარჩევნო რეფორმასა და ახალ არჩევნებთან ერთად.