დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს გადახდისთვის ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს.
მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა და საქმის განხილვა, წინასასამართლო სხდომა გააგრძელა.
ბრალდების მხარე ორივესთვის 30-30 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატებმა კარტოგრაფების გირაოს გარეშე გათავისუფლება მოითხოვეს.
დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
მანამდე, გამოძიების დასასრულს, პროკურატურამ გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერები ივერი მელაშვილის მონაწილეობით. დაცვის მხარე ამბობს, რომ ეს ჩანაწერები, პირიქით, ბრალდებულის უდანაშაულობაზე მიუთითებს, მის გამოძიების ბოლო ეტაპზე გამოქვეყნებას კი პროპაგანდისტული დანიშნულება ჰქონდა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიება მათ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა".
იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ.