logo
ENG



გამყრელიძე: დადასტურებულია, რომ ფაიზერის შემდეგ ასტრაზენეკას ვაქცინა შემოვა

31 იან 202118:17
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: დადასტურებულია, რომ ფაიზერის შემდეგ ასტრაზენეკას ვაქცინა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადასტურებულია, რომ ფაიზერის შემდეგ ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინა შემოვა.

როგორც მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, მეორე ვაქცინა ქვეყანაში, სავარაუდოდ, მარტის პირველ ნახევარში შემოვა.

"პირველ ეტაპზე ფაიზერის ვაქცინა იქნება, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით, ეს არის 14 500 ადამიანის დოზა, როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს უნდა იყოს თებერვლის მეორე ნახევარში. ასევე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება ასტრაზენეკასი, სადღაც 180-დან 300 ათას დოზამდე და ეს იქნება დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში", - განაცხადა გამყრელიძემ.

გუშინ, 30 იანვარს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დაწერა, რომ ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა. მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, თავდაპირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან, შემდეგ 75 წელს ზემოთ ხანდაზმულები. საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.

23 იანვარს ბლუმბერგმა დაწერა, რომ საქართველოს მოსახლეობის 5%-ისთვის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული, რაც 186 000 ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება საკმარისი.


close დახურვა