ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა და დავით გარეჯის საკითხზე ნაციონალური მოძრაობა "მავნებლური პროპაგანდის" წარმოებაში დაადანაშაულა.
სარჯველაძის მტკიცებით, "შურისძიების თუ ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული მათი ოპონენტები დაჟინებით და ხელაღებით უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის".
მისი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა და "მისი გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პარტიები" "საკუთარი ქვეყნის უზენაესი ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო დაცვის ნაცვლად, მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით, გამორჩეული ხალისით, მონდომებითა და მიზანდასახულობით ებრძვიან თავიანთ სამშობლოსა და ისტორიას, რათა ჩამოაყალიბონ ხალხის, როგორც ხელისუფლების ძირითადი წყაროს, იმგვარი პოლიტიკური ნება, რომელიც, როგორმე ბოლომდე მიიყვანს საქართველოს კუთვნილი, ძირძველი მიწების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის წლების წინ ჩაფიქრებულ გეგმას".
სარჯველაძის თქმით, მიუხედავად მათი "დაჟინებული მცდელობისა". მმართველი პარტია "არავის მისცემს ამ მოღალატეობრივი განზრახვის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას".
28 იანვრიდან, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების შემდეგ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები ფეისბუქში კოორდინირებულად მოქმედებენ და კარტოგრაფების დისკრედიტაციას ცდილობენ.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წლების განმავლობაში აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ 1995 წლიდან გაცხადებული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს.
2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".