პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების დეპუტატებისთვის, კერძოდ 51 დეპუტატის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა. პარლამენტმა ყველა ოპოზიციური დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხს სათითაოდ უყარა კენჭი.
კენჭისყრამდე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან.
კობახიძე აცხადებს, რომ იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, ჯამში ამომრჩევლის 39%-ის მხარდაჭერა მიიღეს. შესაბამისად, მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ მათ შანსი მისცა, პატივი სცეს ამომრჩევლის ნებას".
იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, მანდატებზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით.
მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებს, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ელისაშვილი და იოსელანი დღეს, 2 თებერვალს პარლამენტში შევიდნენ, მანამდე კი მმართველ გუნდთან ერთად მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ამასთან, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა.
ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.