შაბათს, 6 თებერვალს, კომენდანტის საათის დროს მოძრაობა სირცხვილია დაუმორჩილებლობის მარშს მოაწყობს.
მოძრაობა მოქალაქეებს მოუწოდებს, შაბათს დილიდან ჯერ რესტორნებს ესტუმრონ, რომლებიც თვითნებურად იხსნება, საღამოს 8 საათიდან კი პარლამენტთან მივიდნენ და დაუმორჩილებლობის ფერად მარშში მიიღონ მონაწილეობა.
"როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს, მოქალაქეების დაუმორჩილებლობის დრო დგება!
შაბათს, 6 თებერვალს, 200-მდე რესტორანი აღარ დაემორჩილება მთავრობის დაუსაბუთებელ შეზღუდვებს და გაიხსნება. დილიდან შეგვიძლია ვესტუმროთ ბარებსა და რესტორნებს, ვისარგებლოთ მათი მომსახურებით და გავამხნევოთ მათი მფლობელები. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის და ჩვენი მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.
საღამოს, ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის. 20:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან!" - ნათქვამია განცხადებაში.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა დაუმორჩილებლობის გამოცხადება და თვითნებურად გახსნა 6 თებერვლისთვის დააანონსეს. გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა თქვა, რომ დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, მთავრობა მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს და შესაბამისად, დაუმორჩილებლობა ერთადერთ გამოსავლად დარჩა.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები რამდენიმე კვირაა, გახსნას ან გახსნის გეგმას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სამსახურის და შემოსავლის გარეშე 250 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს სფერო დროზე არ გაიხსნება, კაფე-ბარების და რესტორნების უდიდესი ნაწილი გაკოტრდება და ფუნქციონირებას ვერც აღადგენს.