ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებში, ვაქცინაციის მხარდასაჭერად 40 მილიონ დოლარს გამოყოფენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თანხა გამოიყოფა 6 ქვეყნისთვის, კერძოდ: საქართველოსთვის, ბელარუსისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის. აღნიშნული თანხა 3 წელზეა გათვლილი.
მათივე ინფორმაციით, პროექტი მოიცავს კორონავირუსის ვაქცინების განაწილებისა და ვაქცინაციის ყველა ფაზას.
"წარმატებული ვაქცინაცია საჭიროებს უფრო მეტ რესურს, ვიდრე მხოლოდ მისი შემუშავება და გავრცელება. აღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფს ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში იმუნიზაციის ცენტრების გამართულ მუშაობას, ასევე მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა მათ ვაქცინების გამოყენება სწორად შეძლონ და ასევე მოხდეს იმ მოქალაქეების ვაქცინაცია, ვინც მას ყველაზე მეტად საჭიროებს. ასევე პროგრამის ფარგლებში უნდა მოხდეს ვაქცინების მუდმივი მონიტორინგი და მათი ხარისხის შემოწმება", - წერის ჯანმოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.