logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: დავუჭერთ მხარს ერთი პირობით, გაგვარკვიეთ, რა ვაქცინაა, რისგან შედგება

17 მარ 202114:23
3 წუთის საკითხავი
 
მეუფე ნიკოლოზი: დავუჭერთ მხარს ერთი პირობით, გაგვარკვიეთ, რა ვაქცინაა, რისგან შედგება

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ეხმაურება ამირან გამყრელიძის მიმართვას ვაქცინაციის პოპულარიზაციაში დახმარებაზე და ამბობს, რომ ამას ერთი პირობით გააკეთებს. ფორმულასთან საუბარში მიტროპოლიტი ჯანდაცვის უწყებასა და მედიას მოუწოდებს, "ზუსტი ინფორმაცია" გაავრცელონ ვაქცინის შესახებ, მის წარმომავლობაზე.  

"აუცილებლად დავუჭერთ მხარს, ოღონდ ერთი პირობით - მთავრობის მიმართ, მასმედიისა და ჯანდაცვის მიმართ ჩვენი თხოვნაა, დაგვეხმარეთ, გავერკვიოთ სიტუაციაში, მოგვაწოდონ ზუსტი ინფორმაცია, რა ვაქცინაა? რისგან შედგება? როდის წარმოიქმნა? რა ღირს? ვინ აიცრა ამ ვაქცინით? რატო თქვეს უარი? ეს არის შეკითხვები, რაზეც პასუხები აუცილებლად უნდა გაიცეს", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

16 მარტს ფეისბუქლაივის დროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე სინოდსა და მღვდლმთავრებს სთხოვა ვაქცინაციის პროცესში დახმარება და "გვერდში დადგომა".

მანვე განაცხადა, რომ ხალხს ხშირად სასულიერო პირების უფრო სჯერა, ვიდრე ექიმების, ამიტომ მათი როლი ამ პროცესში "განსაკუთრებულია". 

"გთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში, ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე ძლიერ", - მიმართავს გამყრელიძე სინოდის წევრებს. 


close დახურვა