ქუთაისში დაკავებული 6 აქტივისტიდან 2-ს 1500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
2 აქტივისტის პროცესი გადაიდო.
ყველა მათგანი უკვე გათვისუფლებულია.
6 აქტივისტი, მათ შორის, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, გიორგი მუმლაძე ქუთაისის მერიასთან მაშინ დააკავეს, როცა ისინი კორუფციულ ფაქტებს აპროტესტებდნენ.
მუმლაძე ამბობს, რომ პოლიციამ მისი დაკავების დროს ძალას გადაამატა, ისევე, როგორც 2 დღის წინ, თბილისში გამართულ აქციაზე.
"ჩემი გათავისუფლება მოხდა იმ მოტივით, რომ გადაიდო სასამართლო პროცესი. მე მოვითხოვე, რომ პროცესზე მოხდეს მტკიცებულებების გამოკვლევა. ერთ-ერთი მძიმე იყო ჩემი დაკავების ფაქტი. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ტერორი. ზუსტად ასე მომექცა თბილისში პოლიცია, როცა გონება დავკარგე და უკვე მეორე დღეს ქუთაისში ანალოგიური განმეორდა. ეს ნიშნავს ადამიანების დევნას". - ამბობს გიორგი მუმლაძე.
აქტივისტების თქმით, იმერეთის გუბერნატორმა ოფიციალურ სტუმრებს სახლში ბიუჯეტის ხარჯზე უმასპინძლა, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი კი, შეზღუდვების მიუხედავად, რესტორანში იყო.
"ლეგიტიმური კითხვების პასუხად მივიღეთ ძალადობა. ძალიან მარტივი კითხვები გვქონდა - რატომ ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს იმისთვის, რომ საკუთარ სახლში სტუმრებს უმასპინძლონ, მოაწყონ ღრეობები, ჩაკეტვის დროს გააღონ რესტორნები". - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.