logo
ENG



ცერცვაძე კალოიანზე: ყოველდღიური ბოღმა, ღვარძლი და ქილიკი მისი სავიზიტო ბარათი გახდა

14 თებ 202121:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/14/2xf2qywalc2y3he.jpg

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკიული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის ვახტანგ კალოიანის მისამართით წერს, რომ მას "ვერაფრით მოუნელებია ის, რომ ქვეყანა მის გარეშეც უდიდესი წარმატებით უმკლავდება COVID-19-ის პანდემიას და მუდმივად ცდილობს, რაღაც საზიზღრობა თქვას და ხალხი დაზაფროს".

ცერცვაძე გამოეხმაურა კალოიანის პოსტს, სადაც ის წერს: "სახელმწიფო ფულით, შემოვიტანეთ ყველაზე საკამათო (რბილად რომ ვთქვათ) ანტივირუსული პრეპარატი. არ შემოგვაქვს დადასტურებული ეფექტურობის ანტიბიოტიკები და ასევე ახლა უკვე დადასტურებული ეფექტურობის ტოცილიზუმაბი". ცერცვაძე ამტკიცებს, რომ ტოცილიზუმაბი ქვეყანაში დიდი ხანია ხელმისაწვდომია და გამოიყენება და "მის ფართოდ გამოყენებას აქამდე სწორედ კალოიანი და მისი თანამოაზრეები - ქართველი ექიმების საერთაშორისო ასოციაციიდან - ეწინააღმდეგებოდნენ. მისივე თქმით, ქვეყანაში 70 კოვიდინფიცირებული პაციენტის სამყოფი ტოცილიზუმაბის მარაგია.

რაც შეეხება რემდესივირის, ცერცვაძის თქმით, "ყველაზე საკამათო ანტივირუსული პრეპარატი კი არ არის, არამედ ამერიკის FDA-ისა და მსოფლიოს ყველა წამყვანი გაიდლაინის მიერ რეკომენდებული და მთელ მსოფლიოში ძალიან ფართოდ გამოყენებული სადღეისოდ ერთადერთი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც უკვე 2 თვეა საქართველოშიც ძალიან დიდი წარმატებით გამოიყენება".

"კალოიანს მთელი პანდემიის მანძილზე თითიც კი არ გაუნძრევია, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია COVID-19-ს პანდემიასთან საბრძოლველად და ავადმყოფების დასახმარებლად. მას ვერაფრით მოუნელებია ის, რომ ქვეყანა მის გარეშეც უდიდესი წარმატებით უმკლავდება COVID-19-ის პანდემიას და მუდმივად ცდილობს, რაღაც საზიზღრობა თქვას და ხალხი დაზაფროს. ყოველდღიური ბოღმა, ღვარძლი და ქილიკი მისი სავიზიტო ბარათი გახდა, მაგრამ რაც მან ახლა დაწერა, ეს უკვე მისნაირი "ჰეითერისთვისაც" კი მეტისმეტია", - წერს ცერცვაძე.

მისი განცხადებით, "ასეთია კალოიანის და სხვა მისი თანამოაზრეების მორალი და პროფესიონალიზმი და ისინი ყველაფერს კადრულობენ, რის გამოც ეს ადამიანები საზოგადოებისთვის საშიში არიან".


close დახურვა