დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში დროებით დასაქმების პორტალზე 24 საათში საქართველოს 35 121 მოქალაქე დარეგისტრირდა.
მათი ცნობით, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
- გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
- ფიზიკური ჯანმრთელობა;
- მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
- ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
- გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
მათი ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/
დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
სააგენტოს ცნობით, დღეისთვის "დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე" სულ 53 274 პირია რეგისტრირებული, საიდანაც სააპლიკაციო ფორმა "დროებითი დასაქმება გერმანიაში" 35 121 პირმა შეავსო.