logo
ENG



ვინ არის მოსამართლე, რომელიც ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას განიხილავს

16 თებ 202122:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/16/glro2fzg7vb7m68.png

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს. ეს ინფორმაცია ფორმულას მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა დაუდასტურა. მოსამართლე ჩახნაშვილი 2019 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

მანამდე ის მხოლოდ ერთი წლით, 2018-2019 წლებში თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 

ჩახნაშვილის სახელი გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს სწორედ ამ საკადრო გადაადგილების შემდეგ უკავშირდება. 2019 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აცხადებდა, რომ ნინო ჩახნაშვილი თელავიდან თბილისში უკონკურსოდ გადმოიყვანეს. იგი მალევე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განხილვის მოსამართლედ დაინიშნა. ანა დოლიძის თქმით, მოსამართლეს მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება ჰქონდა და მრავალტომიანი საქმე არ უნდა განეხილა.

2019 წლის ივლისში 20 ივნისის ღამის საქმეზე ჩახნაშვილმს არც ერთი პირი, მათ შორის არც მაკო გომური, დაზარალებულად არ ცნო და ეს გადაწყვეტილება პროცესის გამართვის გარეშე, ზეპირი მსჯელობით მიიღო.

ამავე წელს, მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა. 

ასევე, 2020 წლის აპრილში ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის გამო ბრალდებულ ბადრი ქათამაძეს ორ თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თელავის სასამართლოში, ერთწლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მიღებამდე, ჩახნაშვილი 2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე.


close დახურვა