ამერიკის საელჩო საქართველოში ნიკა მელიას საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ დაძაბულობის დეესკალაციაისთვის ყველა მხარემ უნდა იზრუნოს, რადგან "ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს".
"შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.
საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
ამერიკის საელჩომ შექნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ ბოლო უკვე მესამე განცხადება გაავრცელა.
ამერიკის საელჩო ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასა და სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად შექმნილ დაძაბულობას გუშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უკიდურესი თავშეკავება უნდა გამოიჩინონ და არ დაუშვან ძალადობა.