logo
ENG



აქტივისტებმა პარლამენტთან „გავრილოვის კარვის“ დადგმა სცადეს, დააკავეს რამდენიმე ადამიანი

21 თებ 202115:05
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/21/vrgs4fkag0bmiox.jpg

პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა „გავრილოვის კარვის“ გაშლა სცადეს, რის უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ოთხი ადამიანი, თუმცა ფორმულა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აზუსტებს. 

სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს კონსტიტუციის ასი წლის თავზე კარვების გაშლით აპროტესტებენ იმას, რომ სამართალდამცველები არ აძლევენ პროტესტის გამოხატვის უფლებას.

„არავითარ სამართლიანობაზე არაა საუბარი. მეორედ მობრუნებული „მამალი ბიჩოკი“ იძლევა ბრძანებებს. მონების ხროვა ადამიანებს აკავებს კარვის გაშლის გამო. ყველა ადგილას გავშლით კარავს, სადაც მოგვინდება. ჩვენი უფლებები უნდა დავიცვათ", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.

პარლამენტთან ცოტა ხნის წინაც დააკავეს ხუთი აქტივისტი - პოლიციამ არც მათ მისცა კარვის გაშლის უფლება. 

შეკრების თავისუფლება კონსტიტუციით დაცული უფლებაა. 

საქართველოს მთავარი კანონით, "ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება". 

აქტივისტებისთვის კარვის გაშლის ხელის შეშლით, იურისტების შეფასებით, პოლიცია კონსტიტუციას არღვევს. 

21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა. დამფუძნებელთა კრებამ 100 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 21 თებერვალს ქვეყნის პირველი მთავარი დოკუმენტი მიიღო.


close დახურვა