logo
ENG



კობახიძე მელიას დაკავებაზე: დავამტკიცეთ, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა

23 თებ 202110:14
3 წუთის საკითხავი
clock 549

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და სწორედ ამიტომ დააკავეს ნიკა მელია. 

მას შემდეგ, რაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში პოლიცია ძალადობრივად შეიჭრა, ხალხით სავსე შენობაში გამოიყენა წიწაკის სპრეი, შემდეგ კი შეუძლოდ მყოფ მოქალაქეებთან ექიმებიც არ შეუშვა და ამ ფორმით დააკავა ენმ-ის თავმჯდომარე, ქართული ოცნების ლიდერი ამბობს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა. 

"ეს არის სახელმწიფო, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას". - თქვა მან მელიას დაკავების სპეცოპერაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

​ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, ნიკა მელია "განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით გამოირჩეოდა". 

კობახიძემ თქვა, რომ "2012 წელს, ხელისუფლებაში ყოფნის მოტივით, ნიკა მელია აკოტრებდა კერძო ბანკს. 2019 წელს ორგანიზებას უწევდა პარლამენტში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორგანიზებას უწევდა ცესკოს შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობს, იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. სახელმწიფოს ემუქრებოდა იმით, რითიც წარდგენილი აქვს ბრალი - ძალადობრივი რევოლუციით. დემონსტრაციულად გადაადგო ელექტრონული სამაჯური, რითიც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. შეეფარდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა, რითაც კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს. მხოლოდ ამის შემდეგ დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური ქმედება და დაინიშნა ენმ-ის ფორმალურ თავმჯდომარედ". 

კობახიძე ხაზს უსვამს ნიკა მელიას განცხადებას იმაზე, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და ვერ დაიჭერდნენ. 

"არ გადაიხადა - დაიჭირეს, უფრო სწორად, თვითონ დაიჭრა საკუთარი თავი". - თქვა მან. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ნაციონალურ მოძრაობას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს უწოდა "წითელი ბოლშევიკები".

"დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი არმიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა, დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები: მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ". 

მან ასევე მადლობა გადაუხადა შს მინისტრს, "სახელმწიფოს ღირსების აღდგენისთვის". 

ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 


close დახურვა