logo
ENG



მელიას ადვოკატი: 2 საათი არ გამოდიოდნენ კონტაქტზე, მოტაცებული ჰყავდათ ადამიანი

23 თებ 202113:39
3 წუთის საკითხავი
clock 602
2021/02/23/fr1tgyd2ai093in.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას უფლებადამცველები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდნენ.

როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ფორმულას განუცხადა, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში პოლიციას ნიკა მელია "მოტაცებული ჰყავდა".

მისივე თქმით, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ იმისათვის, რომ მელია პატიმრობიდან გათავისუფლდეს. 

"დაახლოებით 2 საათის განმავლობაში არ გვეძლეოდა საშუალება, არ გამოდიოდა კომუნიკაციაზე სამართალდამცავი ორგანო, მოტაცებული ჰყავდათ ადამიანი. როგორც იქნა გამოვიდნენ კონტაქტზე. ვეცდებით, რომ შევიდეთ, შევხვდეთ, იმედია, არ შეგვექმნება დაცვის უფლების განხორციელების პრობლემა.

გავაგრძელებთ ბრძოლას, ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ და ერთი რამ მინდა ვთქვა, ზუსტად ვიცი ნიკას პოზიცია, ვერც დაკავებით და ვერც დაჭერით ნიკა მელიას ვერაფერ დააკლებენ. ის ბევრად უფრო მეტად თავისუფალი საკანში, ვიდრე ასეულობით ადამიანი თითქოს და რაღაც თავისუფლების ნიღბით შემოსილი გარეთ. ნიკა აგრძელებს ბრძოლას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მხრივ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, რომ იგი გათავისუფლდეს პატიმრობიდან", - განაცხადა ადვოკატმა.

კონდახიშვილმა პოლიციის მიერ ენმ-ის ოფისიდან სერვერების და დოკუმენტაციის წაღებას ისაუბრა და თქვა, რომ "ეს ცალკე მსჯელობის საგანი გახდება".

"სიმბოლურია, წითელი არმიის ოკუპაციის 100 წლის თავად დაამთხვია ხელისუფლებამ ეს დღევანდელი ე.წ. აქტი. ამასთან მინდა აღვნიშნო, რამდენად გასული არიან საზღვარს მიღმა, რომ არა მხოლოდ დაკავება, არამედ სერვერები არის გატაცებული, დოკუმენტაცია არის მოპარული ოპოსიდან, დარბეულია ოფისი, რაც გახდება ცალკე მსჯელობის საგანი. ვერ გაიგო ხელისუფლებამ, რომ ამ მეთოდებით ვერავის დააშინებენ", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მომხდარის გამო, ოპოზიციის ლიდერებმა 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.


close დახურვა