logo
ENG



"აღმაშფოთებელი შტურმი" და "ევროატლანტიკურ გზაზე უკუსვლა" - საერთაშორისო გამოხმაურებები

23 თებ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock 1609
"აღმაშფოთებელი შტურმი" და "ევროატლანტიკურ გზაზე უკუსვლა" - საერთაშორისო გამოხმაურებები
ფოტო: ვახო ქარელი

"ევროატლანტიკური გზაზე უკან დახევა", "მთავრობის შემაშფოთებელი ქმედება", "მაპოლარიზებელი რიტორიკა და ქმედებები", "აღმაშფოთებელი შტურმი" და აშშ-ს პრეზიდენტისადმი მოწოდება დემოკრატიის დასაცავად — ეს არის საკვანძო ფრაზები და მესიჯები, რაც ბოლო რამდენიმე საათში საქართველოს საერთშორისო პარტნიორებმა გაავრცელეს. ისინი ეხმაურებიან ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, ნიკა მელიას შტურმით დაკავებას. 

აშშ-ს საელჩო

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე".

კონგრესმენი ადამ კინზინგერი

"ძალიან შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის ქმედება. ამ რთული სიტუაციიდან გამომდინარე, მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ ქმედებას. ჩვენ ყველანი გაკვირდებით. პირდაპირ ეთერში ვუყურე შტურმს. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ახლახანს წარმოვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი".

ჯეიმს აპატურაი
 
"ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. NATO მოელის საქართველოსგან, როგორც ახლო პარტნიორისა და ასპირანტისგან, შეინაჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები, რომლის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის მან ამდენი იშრომა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტას და მაპოლარიზებელი რიტორიკისა და ქმედებებისგან თავის არიდებას".
 

ლიეტუველი დეპუტატი, ჟიგიმანტას პავილიონისი

"როგორც ჩანს მართალი ვიყავი, დანარჩენებიც ლიეტუვაში. თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლები მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მინდოდა შემეჩერებინა ის, რაც ახლა ხდება. ნაციონალური მოძრაობის ოფისში ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს ისე, როგორც ეს ადრე პუტინმა გააკეთა. ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს, თუმცა ოპოზიციამ განაცხადა, რომ მას მთავრობასთან დიალოგი სურდა, მაგრამ ივანიშვილის რჩეულები მოიქცნენ, როგორც პუტინი და ლუკაშენკო. გუშინ მთელ მსოფლიოს ვესაუბრე. მსოფლიო საზოაგდოებას რეაგირება უნდა მოახდინოს".

ლუკ კოფი

"საქართველოში სიტუაცია ძალიან სერიოზულადაა. მთავრობას ევალება პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება, ამის ნაცვლად, აღმაშფოთებელი შტურმი მოაწყვეს მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბში და დააპატიმრეს მისი ლიდერი. ასეთი საქციელი მიუღებელია. ამით მხოლოდ პუტინი იმარჯვებს. საჭიროა სიმშვიდე. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს საქმეში".

მაიკლ კარპენტერი

"საქართველოში ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება - ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისს შტურმით იღებენ. ვიმედოვნებ, თავები გაგრილდება და ვითარების დეესკალაცია ჯერაც შესაძლებელია". 

ანდრიუს კუბილიუსი

"გაბრაზებული ვარ პოზიციაზეც და ოპოზიციაზეც. რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია, მაგრამ ორივე მხარე სტრატეგიულ პასუხისმგებლობებს არ ითვალისწინებს. საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ეს ადრე იყო. ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს ქართული პოლიტიკური ელიტა ხვდებოდეს.

ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რატომ სწირავენ ქვეყნის მომავალს მათ უპასუხისმგებლო საქციელს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად შეიძლება ეს შესაძლებლობა დაიკარგოს, ძალიან სამწუხაროა".

კარლ ჰარცელი

"ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას".

კარლ ბილდტი

"უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარებაა საქართველოში. ოპოზიციის ლიდერი პოლიციამ პარტიის სათავო ოფისში შტურმის გზით დააკავა. კანონის უზენაესობის მკაცრად დაცვა უნდა იყოს ევროკავშირთან ახლო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პირობა".


მაიკ მაკფოლი

"ნავალნის დაპატიმრება პირველი ტესტი იყო. მიანმარი მეორე. საქართველო მესამე ტესტია. ბაიდენმა პირობა დადო, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინსვლისთვის მეტს გააკეთებდა. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმედ იქცეს. ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად ვიყავი იქ 2009 წელს. მას შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ვითარებაზე".

 

მარკ კლეიტონი
შოკირებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. საქართველოს ძალადობისა და ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებ სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავშეკავებულად იმოქმედონ ახლა და მომდევნო დღეებში".

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგი  

"დღეს საქართველოთი დავიწყებთ. შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო.

ჟურნალისტის მხრიდან დაზუსტების შემდეგ, აქვს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტს კიდე რამე სათქმელი საქართველოს შესახებ, უწყების სპიკერმა წინა კვირის განცხადება გაიხსენა და ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა:

"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და ისეთი განცხადებებისა და ქმედებისგან თავის შეკავებისკენ, რომელმაც ვითარების ესკალაცია ან ძალადობა შეიძლება გამოიწვიოს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფით".

კონგრესმენ ადამ კინზინგერის კიდევ ერთი განცხადება ამერიკის ხმასთან

"საქართველოს მთავრობას ვეტყოდი, რომ ისინი ძალიან ცუდ მესიჯს გზავნიან, მე ძალიან მაშფოთებს დემოკრატიისგან დაშორება და ავტორიტარიზმისკენ სვლა.

ახალ პრემიერზე კომენტარს არ გავაკეთებ მაგრამ ნათელია, რომ წინა პრემიერმინისტრისთვის მისაღები არ იყო ის, რაც გუშინ მოხდა. ეს ბევრს ამბობს განსხვავებებზე პარტიის შიგნით. ვისაც არ უნდა მიეღო დაკავების გადაწყვეტილება, იქნება ეს მთავრობის მაღალ დონეზე თუ ხელოვნურად მაღალ დონეზე, ვინც არ უნდა იყოს, საჭიროა, გამოვიდეს და ახსნას, რატომ აქვთ მათ უფლება, ასეთი ნაბიჯი გადადგან და რას ეფუძნება ეს. ჩვენ არ უნდა წარმოავდგენდეთ ქვეყნებს, რომელსაც პიროვნებები მართავენ, არამედ ქვეყნებს, რომელიც კანონით იმართება". 

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის კიდევ ერთი გამოხმაურება

"საქართველოში განვითარებული მოვლენები დემოკრატიის კრიზისს ქმნის, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს. ამ კონფლიქტს ქართველი გამარჯვებულები არ ეყოლება. ორივე მხარეს სტრატეგიული პასუხისმგებლობის ნაკლებობა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს აყენებს ეჭვქვეშ. დროა, საქართველოს უკუსვლა შეჩერდეს".

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი

"ბოლოდროინდელ შემაშფოთებელ მოვლენებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ვესაუბრე. როგორც ნამდვილი მეგობარი, ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციურ ფლანგს დაიწყონ ნამდვილი პოლიტიკური დიალოგი". 

ევროპის სახალხო პარტია EPP

"ნიკა მელიას დაკავება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმაა. ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის განახლება. ახალი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი". 

ბენ ჰოჯესი

"საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. ამით სარგებელს მხოლოდ კრემლი, ბატონი ბიძინა და მისი უახლოესი წრე მიიღებს. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, პრეზიდენტ ბაიდენს ამ ყველაფერზე მტკიცე პოზიცია ექნება. კრემლი გვიყურებს".

 


close დახურვა