საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი ამბობს, რომ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, სანქციებს არ განიხილავს, თუმცა, შესაძლოა აშშ-ს პოზიტიური ინიციატივები "უკან წაიღონ". ამერიკის ხმასთან ინტერვიუში კინზინგერი აღნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ს მეგობარია და ქვეყნის წარმატების იმედს გამოთქვამს.
"არ ვფიქრობ, რომ წკეპლის, სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ, საქართველო ჩვენი მეგობარია. ახლა იქ შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ვისაუბრებთ პოზიტიური ინიციატივების უკან წაღებაზე, რომლებიც გვაქვს.
მაგალითად, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი აქტი, ამის წინ წაწევა ძალიან გართულდება, თუ ავტორიტარიზმში ვარდნას ვიხილავთ. მე საქართველოს მთავრობასთან და ხალხთნ ახლო თანამშრომლობა მსურს. ეს არ მოდის სიბრაზიდან, ეს მოდის იმედიდან, რომ წარმატება იქნება", - ამბობს ადამ კინზინგერი.
23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთება გამოხატეს და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდეს, ევროპარლამენტარებმა, ადგილობრივმა საელჩოებმა, მოქმედმა და ყოფილმა დიპლომატებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა.
დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. სპეცრაზმმა შენობაში მყოფი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.