logo
ENG



ხოშტარია: ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც აუცილებლად მივა ბოლომდე!

23 თებ 202115:36
3 წუთის საკითხავი
clock 278
ვახო ქარელი/ფორმულა

"ჩვენ ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც გპირდებით, რომ აუცილებლად მივა ბოლომდე!", - ამ სიტყვებით მიმართა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას აპროტესტებენ.

ხოშტარიას თქმით, დაკავების მიუხედავად, მელია დღეს ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ქართული ოცნების სრული შემადგენლობა. 

"ნიკა მელია, მიუხედავად იმისა, რომ მოიტაცეს და გამოკეტეს სადღაც, არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ერთად აღებული ქართული ოცნება თავისი სპეცრაზმით, პოლიციით, პროკურატურით და მონა მოსამართლეებით. ნიკა არის ძლიერი, იმიტომ რომ მას აქვს თავგანწირვა, გამბედაობა, ქვეყნის სიყვარული, იდეა და ის არასდროს გაჩერდება. ეს ძალა თქვენ, თითოეულმა უნდა იგრძნოთ. ჩვენ ერთად ვართ ბევრად უფრო მეტიც და უფრო ძლიერებიც, იმიტომ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ამას ვერ დაამარცხებს ვერანაირი ფული.

ნიკა მელიას დაჭერა ცდება უბრალოდ ერთი ადამიანის გამოკეტვას. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები, მაგრამ, ყველა პოლიტპატიმრის თემას ცდება ის, რაც გამოგვიცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მან გამოგვიცხადა, რომ მთლიანად ქვეყანა უნდა წაგვართვას, დიქტატურაში უნდა გვაცხოვროს და გამოგვიცხადა, რომ თითოეული მოქალაქის თავისუფლება დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის ნებაზე. ამაზე უნდა მიიღოს მტკიცე უარი, პირობას ვდებ, ყველა ერთად კარგად გავაგონებთ ამ უარს. არანაირი ხელების ჩამოყრა! არანაირი შიში! შემართება და ბრძოლა გამარჯვებამდე!", - მიმართა ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. შეკრებილები ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ და ითხოვენ მის გათავისუფლებას, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. 

დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. სპეცრაზმმა შენობაში მყოფი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.


close დახურვა