ევროპის სახალხო პარტია ნიკა მელიას დაკავებას დემოკრატიაზე თავდასხმას უწოდებს და აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი შეიძლება იყოს ახალი დემოკრატიული არჩევნები.
"ნიკა მელიას დაკავება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმაა. ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის განახლება. ახალი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი". - წერია EPP-ის განცხადებაში.
The detention of @NikaMelia5 & storming of the largest opposition party’s headquarters is an attack on the democracy of Georgia. The persecution of opponents must stop, urgent de-escalation is needed and political dialogue must resume. New democratic elections can be the way out.
ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვლის დილით დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა. ნიკა მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. სპეცრაზმმა დახურულ სივრცეში ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რაც სახალხო დამცველმა შეაფასა არაადამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასად.
ნიკა მელიას დაკავების საბაბი გირაოს გადაუხდელობა გახდა.
5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა.
საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს - მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე
17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიამ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეცვალა. ჯერ კიდევ პროცესის მიმდინარეობის დროს ენმ-ის ოფისთან სპეცრაზმი მობილიზდა. თუმცა, დაკავების ოპერაცია გადაიდო.
18 თებერვალს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გადადგა. მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის შესახებ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. გახარიამ თქვა, რომ ის მელიას ამ ფორმით დაკავებას არ ეთანხმებოდა.
22 თებერვალს ქართული ოცნების პარლამენტმა პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა. მისი პრემიერობის პირველივე დღეს დააკავეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე.