შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა დღევანდელი ბრიფინგი საქართველოზე საუბრით დაიწყო და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა.
"დღეს საქართველოთი დავიწყებთ. შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო", - განაცხადა ნედ ფრაისმა.
ჟურნალისტის მხრიდან დაზუსტების შემდეგ, აქვს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტს კიდე რამე სათქმელი საქართველოს შესახებ, უწყების სპიკერმა წინა კვირის განცხადება გაიხსენა და ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა:
"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და ისეთი განცხადებებისა და ქმედებისგან თავის შეკავებისკენ, რომელმაც ვითარების ესკალაცია ან ძალადობა შეიძლება გამოიწვიოს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფით".
სახელმწიფო დეპარტამენტის გარდა, ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთება გამოხატეს და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდეს, ევროპარლამენტარებმა, ადგილობრივმა საელჩოებმა, მოქმედმა და ყოფილმა დიპლომატებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა ენმ-ის ოფისში ძალადობრივი შეჭრის შემდეგ 23 თებერვალს დააკავეს. მთავრობის კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა 26 თებერვალს აქცია-მსვლელობა დააანონსეს, რომელზეც მელიას გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსაც შეხვდნენ და შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში მთავარი მოთხოვნები კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება.
საერთაშორისო კრიტიკისა და ოპოზიციის პროტესტის პარალელურად, ახალდამტკიცებულმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მელიას დაპატიმრება "სახელმწიფოს ღირსების დასაცავად" იყო აუცილებელი და ოპოზიციას "გულწრფელი და პირდაპირი" დიალოგისთვის მზაობა განუცხადა.