logo
ENG



ბალტიისპირეთის საგარეო მინისტრები მელიას გამო ერთობლივ შეშფოთებას გამოთქვამენ

26 თებ 202110:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/26/hsfxao3b462ft7o.png

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ნიკა მელიას დაკავების გამო "ღრმა შეშფოთებას" გამოთქვამენ და ყველა პოლიტიკურ ძალას დიალოგში ჩართვასა და კონსტრუქციული გამოსავლის ძიებისკენ მოუწოდებენ.

ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო მინისტრები  ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მნიშვნელოვანი დაილოგის შესაძლებლობებს საფრთხის ქვეშ აყენებს, რაც აუცილებელია ქართველი ხალხის ამბიციური საგარეოპოლიტიკური მიზნების სისრულეში მოსაყვანად. 

გთავაზობთ მინისტრების ერთობლივ განცხადებას სრულად:

"ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, იმოქმედონ თავშეკავებით, იზრუნონ ვითარების დეესკალაციისთვის და საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ, გამონახონ კონსტრუქციული გამოსავალი. 

ჩვენ შეშფოთებულები ვართ მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო. ეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობებს საფრთხის ქვეშ აყენებს. 

ჩვენ გვჯერა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მომავლის. 

მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანს, დაუკავშირონ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას და იღვაწონ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას ამბიციური საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ენმ-ის ახლადარჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისზე განხორციელებული შტურმის შედეგად სამართალდამცველებმა 23 თებერვალს, დილის 8 საათისთვის დააკავეს. ძალოვანებმა პარტიის შენობაში შესაღწევად, რომელშიც უმეტესი ოპოზიციური პარტიების და მედიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

მელიას დაკავებას საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთება და კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარის დაკავება დაგმეს ამერიკის საელჩომ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროპარლამენტარებმა, ყოფილმა და მოქმედმა დიპლომატებმა და სხვა. 

საქართველოს უცხოელი მეგობრების მკაფიო პოზიციის შემდეგ, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ოპოზიციას "პიდაპირი და გულწრფელი" დიალოგისთვის მზაობა განუცხადა, პროკურატურამ კი ნიკა მელიას გირაოს გადახდის შემთხვევაში პატიმრობიდან გათავისუფლება შესთავაზა. 

მელიას პოზიცია უცვლელია - მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არ აპირებს თავისუფლების სანაცვლოდ გირაოს გადახდას, მისი განთავისუფლების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით კი დღეს ოპოზიცია მასშტაბურ აქცია-მსვლელობას გამართავს. 


close დახურვა