logo
ENG



აშშ: ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა პრინც მუჰამედ ბინ სალმანის თანხმობით მოხდა

27 თებ 202111:47
3 წუთის საკითხავი
clock 1802

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, საუდელი ჟურნალისტის, ჯამა ხაშოგის მკვლელობა 2018 წელს საუდელი პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის თანხმობით მოხდა. 

ანგარიშში, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოსცა, ნათქვამია, რომ პრინცმა თანხმობა გასცა ჟურნალისტის აყვანაზე ან მოკვლაზე. 

ანგარიშის შემდეგ აშშ-მ საუდის არაბეთის მიმართ ათობით სანქცია დააანონსა, თუმცა, არა უშუალოდ პრინცის მიმართ. 

თავად საუდის არაბეთმა ანგარიში დაგმო და მას "ნეგატიური, ცრუ და მიუღებელი" უწოდა. 

თავად პრინცმა მუჰამედმა, რომელიც სამეფოს მმართველია, მკვლელობაში თავისი როლი უარყო. 

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წელს სტამბოლში, საუდის საკონსულოში ქორწინების საბუთების მოსაწესრიგებლად შევიდა, რის შემდეგაც არავის უნახავს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მოკლეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს. 

59 წლის ჟურნალისტი ოდესღაც საუდის არაბეთის მრჩეველი და სამეფო ოჯახის ახლობელი იყო, თუმცა, 2017 წელს ქვეყანა დატოვა და აშშ-ში გადასახლდა. მას შემდეგ მან Washington Post-ში არაერთი სვეტი გამოაქვეყნა, რომელშიც საუდის არაბეთის ხელისუფლების და უშუალოდ პრინც მუჰამედის პოლიტიკას აკრიტიკებდა. 

ანგარიშის გამოქვეყნებიდან მალევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთში მოგზაურობის შეზღუდვა დააწესა. ამას ხაშოგის აკრძალვა უწოდეს. 

ჯერ კიდევ 2018 წელს CIA-მ მიიჩნია, რომ პრინცმა სალმანმა შეუკვეთა ჟურნალისტის მკვლელობა, თუმცა, აშშ-ის ოფიციალურ პირებს ბრალდებაზე საჯაროდ ამ დრომდე არ უსაუბრიათ. 

საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორია, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მთავარი მოკავშირეა. 

თუმცა, მოსალოდნელია, რომ საუდის არაბეთის მიმართ ჯო ბაიდენი დაიკავებს უფრო მკაცრ პოზიციას, ვიდრე მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი იკავებდა ქვეყანაში კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების მიმართ. 

თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენსა და მეფე სალმანს შორის სატელეფონი საუბარში პრეზიდენტმა დაადასტურა ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მნიშვნელობა. 

წყაროს ცნობით, რომელიც როიტერს ესაუბრა, ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე განიხილავს საუდის არაბეთთთან შეიარაღების შესახებ გარიგების გაუქმებას, ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემების გამო, ისევე, როგორც თავდაცვითი იარაღების შესყიდვის შემცირებას. 


close დახურვა