logo
ENG



ბოკერია: ბატონმა მიშელმა მოიტანა კონკრეტული ჩარჩო ყველა საკვანძო საკითხით

01 მარ 202123:25
3 წუთის საკითხავი
clock 756
ბოკერია: ბატონმა მიშელმა მოიტანა კონკრეტული ჩარჩო ყველა საკვანძო საკითხით

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა განაცხადა, რომ შეხვედრაზე შარლ მიშელმა კონკრეტული ჩარჩო მოიტანა, რომელშიც კონკრეტული საკითხებია გაწერილი. ბოკერიას განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, წარმოდგენილი საკითხები გადაწყვეტა შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოხდეს.

ევროპული საქართველოს ლიდერი აცხადებს, რომ დიალოგის მონაწილე ორივემ მხარემ თანხმობა განაცხადა წარდგენილი საკითხების განხილვაზე. 

"კარგი რაც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, არის ასეთი მაღალი დონის შეხვედრა და ის, რომ პრეზიდენტმა მიშელმა კონკრეტული ჩარჩო მოიტანა ყველა საკითხით. მათ შორისაა გრძელვადიანი საკითხებიც, მაგალითად, სასამართლო რეფორმაც, ასევე აქაა კონკრეტული საკითხებიც რომლებიც საკვანძოა - პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, პოლიტიკური პატიმრები და ახალი არჩევნების საკითხი, ეს იყო საკითხები, რომლებზეც მთავრობის საჯარო პოზიცია იყო, რომ ამას არც განვიხილავთ. ახლა არის ეს ჩარჩო და ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ, რომ ამ საკითხებით უნდა მოხდეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა. პრეზიდენტმა მიშელმა კონკრეტული ვადა თქვა, რომ ეს არ უნდა გაიწელოს", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გაიმართება მმართველ გუნდთან მორიგი შეხვედრა. 

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით, მიმდინარეობდა შეხვედრა.


close დახურვა