logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის მშობელი ამბობს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს გააპროტესტებენ

02 მარ 202117:51
3 წუთის საკითხავი
clock 1153
2021/03/02/95qn1s8l2jd2109.png

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო სხდომა დასრულდა. სხდომის ბოლოს მათ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს, მოსამართლე კი სათათბიროდ გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს იგი საბოლოო განაჩენს. 

ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის დედის, ნინო გოგილაშვილის განცხადებით, თუ მის შვილს მოსამართლე გაამტყუნებს, ამას გაასაჩივრებს და გააპროტესტებს. 

"რომელი ბრალი? ვახოს გარედან ვუსმენდი და ბოლო სიტყვები რაც მოვისმინე ეს ჰქონდა, რომ თუ მესვრით და მომკლავთო, აუცილებელი არ არის, ადამიანს ესროლო და ისე მოკლა, თუ განაჩენი დაუმსახურებლად დადგება, ესეც ოჯახების სიკვდილია.

ჩემი შვილი, როგორც დამენანებოდა და გული დამწყდებოდა, ისე მენანება ეს ბავშვი.

მოლოდინი მაქვს, რომ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება, იმიტომ რომ მაშინ აღარაფერს აზრი არ აქვს, აღარც სასამართლოს და ამ 9-თვიან პროცესებს აქვს აზრი.

აუცილებლად გავყვებით სამართლებრივად და არასამართლებრივადაც. აუცილებლდ გავაპროტესტებთ ყველაფერს", - განაცხადა ნინო გოგილაშვილმა.

გიორგი შაქარაშვილი გასული წლის 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მუხლიც.

პროკურატურის ვერსიით, გიორგი შაქარაშვილს 5-მა ადამიანმა სასტიკად სცემა, შემდეგ მისი ცხედარი მდინარეში გადააგდო. არც ერთი მათგანი: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ორი არასრულწლოვანი - ზ.ხ. და ა.ქ. ბრალს არ აღიარებს.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 ადამიანია დაკავებული.


close დახურვა