ქართული ოცნების წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ Freedom House-ის ანგარიშში მოყვანილი დასკვნები რეალობას არ შეესაბამება.
სარჯველაძის თქმით, მას "თვალში მოხვდა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და უზუსტობა, რაც ორგანიზაციისთვის ტენდენციურად მიწოდებული ინფორმაციიდან მომდინარეობს".
მისი განცხადებით, ეს უზუსტობები მათ შორის არჩევნებს შეეხება.
"ვერ გავიზიარებ შეფასებას, რომ ეს არჩევნები რამე მიმართულებით პრობლემატურია. თუ არის, ამის დასაბუთებისთვის ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციას ყველა შესაძლებლობა აქვს მიცემული". - თქვა სარჯველააძემ.
სარჯველაძის თქმით, Freedom House ცდება იმ ნაწილშიც, სადაც ოლიგარქიულ მმართველობაზეა საუბარი.
"ეს არ არის პირველად დასმული თქმა, ამას ოპონენტებიც მცდარად უთითებენ. ერთმნიშვნელოვნად მცდარად ხდება მითითება. თუ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას სახელისუფლო პროცესებში, რომელსაც ჰქონდა ადგილი წინა პერიოდში - ის პრემიერმინისტრი იყო და ა.შ, ეს არამც და არამც არ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქიულ მმართველობად.
ოლიგარქიული მმართველობა გულისხმობს, როცა ოლიგარქი სათავისოდ იყენებს ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში არ არსებობს წინაპირობა განცხადებისა, რომ ხელისუფლების გამოყენება ხდება კომერციული ინტერესებისთვის. ასეთი უბრალოდ არ მოიპოვება. ეს შეიძლება, რიცხვებით დასაბუთდეს და აიხსნას. არ შეიძლება, სუბიექტური და ზედაპირული აღქმებით ვაკეთოთ დასკვნები ამასთან დაკავშირებით.
რეალობას არ ესადაგება ის დასკვნები, რომელსაც ეყრდნობა საბოლოო შეფასებები, ვფიქრობ, მოიკოჭლებს დასაბუთება". - თქვა მან.
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, "საქართველოს რეიტინგი გაუარესდა და 60 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. 2019 წელს საქართველოს 63 ქულა ჰქონდა და 2020 წელს კი 61.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ოლიგარქიული გავლენა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულადაა დაცული".
დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილზე და მის თანამდებობებზე. Freedom House ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ივანიშვილის პირველი გადადგომის შემდეგ მან პარტიის მართვა არაფორმალურად გააგრძელა.
საარჩევნო პროცესის შეფასებისას Freedom House საუბრობს კანონმდებლობის ხარვეზებსა და ცესკოში, საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე მმართველი პარტიის წარმომადგენლობის დომინირებაზე.
"პოლიტიკური პლურალიზმისა და მონაწილეობის" ნაწილში Freedom House ხაზს უსვამს "ერთპარტიულ დომინაციას" და ოპოზიციის განვითარების შეფერხებას.