logo
ENG



გორში ენმ-ის ოფისზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

05 მარ 202113:47
3 წუთის საკითხავი
clock 884
2021/03/05/ma8o1o4fm0x8h6q.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისის დარბევის საქმეზე გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ოთხივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდებულების ადვოკატმა სასამართლოს 2 000 ლარიანი გირაო შესთავაზა. მისი თქმით, დაკავებულებს არ ჰქონიათ პოლიტიკური მოტივი და ისინი ჩადენილ დანაშაულს ნანობენ.

საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი აღნიშნულ საქმეზე 12 აპრილს ჩაინიშნა.

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს 2 მარტს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჩაამსხვრიეს ოფისის მინები და კარი. 

გორში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა. აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გორის ამავე ოფისს მანამდე, ხუთჯერ დაესხნენ თავს. ​ენმ-ს წარმომადგენელი რევაზ კახნიაშვილი ფორმულანიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციას წინა, მსგავსი შემთხვევები არ გამოუძიებია, ამიტომ ეს დანაშაული წახალისებულია. 


close დახურვა