გორში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების ბრალდებით, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ადამიანი - 1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.
საქმეზე ამ დროისთვის 4 ადამიანია დაკავებული.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა.
აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გორის ამავე ოფისს მანამდე, ხუთჯერ დაესხნენ თავს. ენმ-ს წარმომადგენელი რევაზ კახნიაშვილი ფორმულანიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციას წინა, მსგავსი შემთხვევები არ გამოუძიებია, ამიტომ ეს დანაშაული წახალისებულია.